საწური (ვაზის ჯიში)
საწური, საწურავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.
ვაზის სახელწოდება მის შინაარსზე მიუთითებს. საწური წვენის უხვმოსავლიანი ჯიშია, ამიტომ იგი საღვინედ და ყურძნის წვენის დასამზადებლად იყო განკუთვნილი.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია, ოვალური, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა დაფარული მონაცრისფრო აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდია, ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის, ხშირად დატოტვილი, კუმსი. მტევანს ახასიათებს ორი ფრთა. მარცვალი საშუალო ზომისაა, მცირედ ოვალური, ზოგჯერ მომრგვალო, მუქი წითელი ელფერით. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი მეტად წვნიანია, წვენი — შეუფერავი, ჩვეულებრივი მოტკბო გემოთი.
მტევანში მარცვლების მომწიფება არათანაბრად მიმდინარეობს, რაც ამ ჯიშისათვის დამახასიათებელი თვისებაა.
საწური ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულსიმწიფემდე საშუალოდ 198 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შედის. მტევნის წონა 288-300 გრამამდეა. საჰექტარო მოსავლიანობა 10.0-დან ზოგჯერ 14.0 ტონას აღემატება. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.0-10 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასაზადებლად. ჯიშური ღვინო ღია წითელი ფერის ან მოვარდისფროა. მცირეალკოჰოლიანი და ხალისიანი, ნაკლებსხეულიანი, მცირედ გამოხატული ჯიშური არომატით.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 348
- გაზ. „ჩვენი სოფელი“, №5 (55), 15 ივლისი 2020, გვ. 15.