საცხენისის ღვთისმშობლის ეკლესია

საცხენისის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის ცენტრში. ეკლესია საქართველოში ნაკლებად გავრცელებული ტიპის სამნავიანი ბაზილიკაა.

საცხენისის ეკლესია დიდი ზომის მრავალფენოვანი ნაგებობაა. ამჟამად, გარდა შუა საუკუნეების გადაკეთებისა, ცენტრალური ნავის აღმოსავლეთ ნაწილში დაცულია XIX საუკუნის ბოლოს ჩაშენებული დარბაზული ეკლესიაც. საცხენისის ეკლესიის შემორჩენილი კედლები ამოყვანილია აგურისა და თლილი ქვის კვადრების შერეული წყობით. ქვედა რიგებში შემორჩენილ აგურისა და ქვის ფიგურალურ წყობას, ცვლის ბაზილიკის დანგრევის შემდგომ, მისი პირველი აღდგენისას, იმავე მასალით ამოყვანილი აგურის წყობაში უსისტემოდ ჩაყოლებული ქვის რიგები და ბოლოს, ზედა ნაწილში გვიანი, XIX საუკუნის მშენებლობის დროინდელი სადა, აგურის წყობა.

ეკლესიის თავდაპირველი გეგმის კომპოზიცია წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას. ნავები ერთმანეთისგან გამოყოფილი იყო აგურით ამოყვანილი ორი წყვილი მრგვალი სვეტით, რომლებიდანაც ნავთა გამყოფი თაღები იყო გადაყვანილი (ამჟამად აღარ არსებობს).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10797