საღვთო
საღვთო, სამღვთო — ღვთაებისადმი განკუთვნილი დღეობა, რომელსაც მართავდა სოფლის თემი ან ოჯახი. კოლექტიური საღვთო იცოდნენ დარ-ავდარის, ხვნა-თესვის, ჭირნახულის სიუხვის, თიბვის კარგად დასრულების, გადამდებ სნეულებათა არიდების და სხვა მიზნით. საღვთოს ყოველწლიურად იხდიდნენ ამქრული ორგანიზაციები ხელობასა და ვაჭრობაში ხელის მოსამართავად.
ოჯახი საღვთოს მართავდა სახლის აშენების, ვაჟის შეძენის, ავადმყოფოფის განკურნების და სხვა შემთხვევისას ღვთაებისათვის საღვთოს შეპირების შემდეგ.
კოლექტიურ საღვთოს მართავდნენ სოფელში შეკრებილი სურსასით, საკლავით, ღვინით, სანთლით.
ოჯახი საღვთოსთვის წინასწარ ემზადებოდა. მაგ., ხევსურეთში ლუდს გამოხდიდნენ, მოკეთეებს დაიბარებდნენ, სოფელს დაპატიჟებდნენ მოიწვევდნენ ხუცესს, რომელიც „კოდს გახსნიდა“, სანთელმიკრული ლუდიანი თასით მესაღვთოეს შეავედრებდა „მესაღვთოე ანგელოზს“, შემდეგ ბანზე დაკლავდნენ 3 საკლავს: ერთს მესაღვთოე ანგელოზისთვის, მეორეს — ადგილობრივი მთავარი სალოცავისათვის, მესამეს — აუცილებლად კვირიასათვის, დაამწყალობებდნენ ოჯახს, საღვთოს ობიექტს. სმის შემდეგ დადგამდნენ „სადიდებელთ“ — იმდენ ლუდიან თასს, რამდენი ღვთისშვილიც იცოდა ხუცესმა და მათ უმცროს-უფროსობის რიგის მიხედვით, „მოახსენებდა“.
საღვთოში მხიარულება და სიუხვე უნდა ყოფილიყო, რათა ღვთაებათა კეთილგანწყობა მოეპოვებინათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაკალათია ს., მესხეთ-ჯავახეთი, თბ., 1938;
- მისივე, ხევი, ტფ., 1934;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 200.