საქობოს სამების ეკლესია
საქობოს სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში.
აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზული ტიპისაა. ნაგებია რიყის ქვისა და აგურის წყობის მონაცვლეობით კირ-დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი გარედან შეისრულთაღოვანია, შიგნიდან კი კარის ღიობი ხის ძელზე გადაყვანილი აგურის არქიტრავითაა დასრულებული.
ტაძარი განათებულია 6 სარკმლით, რომელთაგან თითო აღმოსავლეთის და დასავლეთ კედელშია გაჭრილი, ორ-ორი კი სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში. საკმლები თაღოვანია შიგნით გაფართოვებული წირთხლებით. ფასადებიდან მხოლოდ განივებია გაფორმებული. აღმოსავლეთის ფრონტონში აგურის წყობის დადაბლებით მიღებული გოლგოთის ჯვარია გამოსახული. ასეთივე ჯვარია მოცემული დასავლეთის ფრონტონშიც. ამავე ფასადზე გაფორმებულია ქვედა ნაწილიც: კარი დადაბლებულ არეშია გაჭრილი, კარის წირთხლი ბრტყელი აგურის წყობითაა გამოყვანილი, რომელსაც ლეკალური აგურისმოჩარჩოება შემოსდევს. ჩარჩოს ზედა თავისუფალი არე აგურის თევზიფხური წყობითაა გაფორმებული და დასრულებულია ხერხულა ლავგარდნით. კარის ჩარჩოს ორივე მხარეს აგურის დადაბლებით ერთმანეთზე გადაბმული სამ-სამი რომბია მოცემული, ხოლო ზედა ნაწილში აგურის ამოწევით ორმაგი რომბია გამოსახული. ჩარჩოც და ამოწეული რომბების აგურებიც წითელი საღებავითაა შეღებილი. ერთი საფეხურით ამაღლებული აფსიდა ნახევარწრიულია და პილასტრითაა გამოყოფილი დარბაზისგან. აფსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. სარკმლის თაღის დონეზე ორივე მხარეს თაღოვანი ღიობია გაკეთებული. საკურთხეველში ოთხი შეისრულთაღოვანი ნიშაა: ორი ჩრდილოეთ კედელში, ერთი სარკმლის ქვეშ (მოგვიანებით ამოშენებული) და ერთი სამხრეთ კედელში. საკურთხევლის შუაში, აგურით ამოშენებული ტრაპეზი მდგარა.
დარბაზი ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომელთა შორის არეებში იატაკიდან ამოყვანილი შეისრული თაღებია გაკეთებული. კონქი და კამარა აგურისაა და პილასტრებზე გადაყვანილ აგურისავე თაღებს ეყრდნობოდა. თაღების ქუსლებთან გაკეთებულ ფოსოებში ხის ძელები ყოფილა ჩამაგრებული კონსტრუქციული მდგრადობისთვის. ეკლესიაში იატაკი აგურფენილია. შიგნიდან ნაწილობრივ შელესილი ყოფილა. ეკლესია XX საუკუნის ბოლო მეოთხედში მოსახლეობას ნაწილობრივ აღუდგენია ახალი აგურითა და ცემენტით, თუმცა, ახლა აღარც კამარაა შემორჩენილი, არც კონქი და კედლებიც ვერტიკალურადაა დაბზარული. ეკლესიის აღმოსავლეთით XIX საუკუნის სამაროვანია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18677