საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა
საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა - ევროპარლამენტის რეზოლუცია. რეზოლუცია ევროპარლამენტმა სტრასბურგში 8 ივნისს გამართული პლენარული სხდომის დროს მიიღო.[1]
მრავალპარტიული რეზოლუცია ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა, სვენ მიკსერმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა, მარკეტა გრეგოროვამ, ანა ფოტიგამ და მიგელ ურბან კრესპომ მოამზადეს. სხდომაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, მარინა კალიურანდი, კარინ კარლსბრო, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, იოახიმ კუჰსი, რიჩარდ ჟარნეცკი, პიტერ პოლაკი და ანდრეა კოზოლინო.[1]
ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა 2021 წლის 5 ივლისის ჰომოფობიური დარბევები ახსენა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მაჩვენებელი ბოლო ორ წელიწადში პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ გლობალურ ინდექსში მნიშვნელოვნად დაეცა.[1]
მან განაცხადა, რომ მიუხედავად არსებული სამართლებრივი ბაზისა, „ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუარესდა“ და დასძინა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება „საკმაოდ საეჭვო ბრალდებებით“ შეშფოთების საგანს წარმოადგენს.[1]
ევროპარლამენტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა „ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაკისრება საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში მისი დესტრუქციული როლის გამო“.[1]