საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია (სსფა) — სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია, რომელიც დაფუძნდა 2015 წლის 18 სექტემბერს, თბილისში. ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე ორგანიზებას უწევს ოფიციალურ სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატებს. სსფა წარმოადგენს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ აუთსორს ორგანიზაციას, რომელიც აღიარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, UEFA-ს, FIFA-ს იურისდიქციას და International Football Association Board-ის (IFAB) თამაშის წესებს. სსფა-ს მიზნებია: ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა; მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება; ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში; ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა; სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა; ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება ფეხბურთში; დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფორმირება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირებსა და UEFA Regions Cup-ზე.
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია | |
---|---|
შეიქმნა | 18 სექტემბერი, 2015 |
შტაბ-ბინა | თბილისი, საქართველო |
ისტორია
რედაქტირებასაქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით 2015 წლის 20 დეკემბერს გაიმართა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო მატჩი. შეხვედრაში მოყვარულ ფეხბურთელებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქალმა და ამპუტანტმა ფეხბურთელებმა, ასევე იძულებით გადაადგილებულმა პირებმა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციის გუნდი „იანუსი“ და იძულებით გადაადგილებულ პირთა გუნდი „სოხუმის ცხუმი“.
მატჩში, ასევე მონაწილეობა მიიღეს ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბ „თბილისის“ მოთამაშეებმა, და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ანა ზაქაიძემ და ნათია სხირტლაძემ. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და „სოხუმის ცხუმის“ გამარჯვებით 5:4 დასრულდა.
განხორციელებული პროექტები
რედაქტირებასსფას მიერ ორგანიზებულმა საქართველოს ისტორიაში პირველმა სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირმა — „თბილისის თასი“, რომელშიც თბილისის 8 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა მიიღო მონაწილეობა, სტარტი აიღო 2016 წლის 20 თებერვალს. თბილისის თასის გამარჯვებული სოლოლაკის „მიუნხენ 1958“ გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა საბურთალოს „აცაურა“.
სსფას შემდეგი პროექტი იყო „თბილისის ლიგა“, რომელმაც სტარტი აიღო 2016 წლის 7 მაისს და მონაწილეობა მიიღო თბილისის 16-მა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა. პროექტი განხორციელდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით.
9 ივლისს, საფეხბურთო მოედან „ბენდელაზე“ „თბილისის ლიგა“-ის ფინალური მატჩი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს საბურთალოს „ფეოლა“ და „ვაზის უბანი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. „ვაზის უბანმა“ მეტოქეს დამატებით ტაიმებში ანგარიშით 2:1 სძლია და „თბილისის ლიგა 2016“-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
2016 წლის 11 სექტემბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტარტი აიღო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველმა სამოყვარულო ჩემპიონატმა „მოყვარულთა თასმა“. გახსნის მატჩში ერთმანეთს ჩხოროწყუს საფეხბურთო გუნდები ჩხოროწყუს „დაბა“ და მუხურის „მასქური“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ჩხოროწყუს „დაბამ“ მეტოქეს სძლია და ანგარიშით 4:1 გაიმარჯვა. „მოყვარულთა თასი 2016“ ში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონის 231-მა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა და 5130-მა მოყვარულმა ფეხბურთელმა. „მოყვარულთა თასი“ ტარდება სამ ეტაპად: მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური. ფინალური შეხვედრა 14 დეკემბერს, „ბენდელას“ სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამარჯვებული გუნდები: „წისქვილი“ და „სეუ“ დაუპირისპირდნენ. თასის მფლობელის ტიტულისათვის ბრძოლა სეუს გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დამთავრდა.მოყვარულთა თასი 2016-ის ფინალური მატჩი.
დამფუძნებლები და მმართველო ორგანო
რედაქტირებაუმაღლესი მმართველი ორგანოა გამგეობა. სსფას პრეზიდენტია ბერდია ჯიბლაძე. სსფაში მოქმედებს შემდეგი დეპარტამენტები: ფინანსური, იურიდიული, ადმინისტრაციული და საერთაშორისო ურთიერთობების. ასევე ფუნქციონირებს შემდეგი კომიტეტები: საშეჯიბრო, სადისციპლინო და სააპელაციო.
პარტნიორები
რედაქტირებასსფა-ს პარტნიორები არიან: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი.