საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომლის მისიაა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
შეიქმნა 2009
სტატუსი არასამეწარმეო იურიდიული პირი
ტიპი მედიის თვითრეგულირების ორგანო
მიზანი ჟურნალისტური ეთიკური სტანდარტების გაუმჯობესება
მდებარეობა თბილისი, შიო მღვიმელის ქ. 6ბ
წევრები ჟურნალისტები
მნიშვნელოვანი პირები დირექტორი - მარიამ გოგოსაშვილი, საბჭოს თავმჯდომარე - ხატია ღოღობერიძე
მთავარი ორგანო საერთო კრება
ქვეყანა საქართველო
qartia.ge

ქარტიის საბჭო ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს განიხილავს და წყვეტს დაირღვა თუ არა ეთიკის რომელიმე პრინციპი სადავო მასალაში. გარდა ამისა, ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.

ორგანიზაცია 2009 წლის 4 დეკემბერს დაფუძნდა[1]. სხვადასხვა მედიასაშუალების 137-მა ჟურნალისტმა როგორც რეგიონიდან ისე დედაქალაქიდან ხელი მოაწერა 11 პრინციპს [2] და მისი დაცვის ვალდებულება აიღო. მოქალაქეებს კი მიეცათ საშუალება, ჟურნალისტურ მასალაში ეთიკური დარღვევის შემთხვევაში განცხადებით მიემართა ქარტიისთვის.

ქარტიის დაფუძნებას წინ უძღოდა "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" ორგანიზებით გამართული შეხვედრები ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან. სწორედ ამ კონსულტაციებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის შემდეგ ჩამოყალიბდა 11 პრინციპი, რასაც ჟურნალისტებმა საბოლოოდ მოაწერეს ხელი.

ქარტიის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას და იზიარებს ქარტიის მიზნებს. ქარტიის წევრობის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს ქარტიის საბჭოს, წევრად მიღების საკითხს წყვეტს ქარტიის საბჭო განცხადების შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 თვისა.

 
ქარტიის დაფუძნება

თავდაპირველად საბჭო მხოლოდ ხელმომწერი ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს იხილავდა, თუმცა 2013 წლის დეკემბერში გამართულ საერთო კრებაზე გადაწყდა, რომ არახელმომწერი ჟურნალისტების წინააღმდეგ შესული განცხადებებიც განხილულიყო. შედეგად საქმეების რაოდენობამ 2014 წლიდან იმატა და 2015 წლის ნოემბრის მონაცემებით, ჯამში 72 საქმე არის განხილული [3].

თანდათან განვითარდა ორგანიზაციული სტრუქტურაც. 2012 წელს ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად თამარ კორძაია დაინიშნა, ჩამოყალიბდა საბჭოს სამდივნოც, რომელსაც დავით კლდიაშვილი ხელმძღვანელობს. 2013 წლის დასაწყისში თამარ კორძაიამ თანამდებობა დატოვა და ეს პოზიცია თამარ რუხაძემ დაიკავა [4]. 2015 წელს კი ის ნატა ძველიშვილმა ჩაანაცვლა[5].

2012 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სლოვაკურ გამოცდილ ორგანიზაცია „მემო-98-თან“ ერთად წინასაარჩევნო მონიტორინგი განახორციელა. კვლევა როგორც თვისებრივ, ისე რაოდენობრივ მონაცემებს მოიცავდა, ამის შემდეგ ქარტიამ აქტიურად დაიწყო სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელება, როგორც დამოუკიდებლად, ისე პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

ქარტიის სტრუქტურა

რედაქტირება

ქარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ქარტიის წევრთა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა საბჭოს მიერ და ტარდება ყოველი წლის დეკემბერში; წევრებს ქარტიის წესდებაში შეაქვთ ცვლილებები და დამატებები და განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს.

ქარტიის ხელმძღვანელი ორგანოა 9 წევრისაგან შემდგარი ქარტიის საბჭო, რომელსაც ქარტიის ხელმომწერები საერთო კრებაზე ირჩევენ. საბჭოს წევრები აირჩევიან კვოტირების სისტემით: 3 წევრი აირჩევა იმ ჟურნალისტებისაგან ან/და რედაქტორებისაგან, რომელთა რეგისტრაციის ადგილია თბილისი, ხოლო 6 წევრი იმ ჟურნალისტების ან/და რედაქტორებისაგან, რომელთა რეგისტრაციის ადგილი არ არის თბილისი.

საბჭოს შემადგენლობა ყოველწლიურად განახლდება ერთი მესამედით. საბჭო ერთი წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს. საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბჭოში არ არის განსახილველად მომზადებული არც ერთი საქმე და არ არის გადასაწყვეტი საბჭოს წინაშე დასმული სხვა საკითხები.

საბჭო კონკურსის წესით ერთი წლის ვადით ნიშნავს აღმასრულებელი დირექტორს. ქარტიის თავმჯდომარის, საბჭოს, აღმასრულებელი დირექტორის მიერ ქარტიის წესდების შესრულებისა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებს ქარტიის სარევიზიო კომისია, რომელსაც ორი წლის ვადით სამი წევრის შემადგენლობით ირჩევს საერთო კრება. სარევიზიო კომისია არჩევიდან ერთი თვის განმავლობაში საკუთარ წევრთაგან ირჩევს თავმჯდომარეს. სარევიზიო კომისია მუშაობს მის მიერ შემუშავებული რეგლამენტით.

განცხადებების განხილვის წესი

რედაქტირება

ჟურნალისტურ მასალაში ეთიკური პრინციპების დარღვევის აღმოჩენის შემდეგ განცხადების შეტანა ქარტიაში შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. საბჭოში წარმოების დაწყების საფუძველია განცხადების წარდგენა. განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს ქარტიის საბჭოს სამდივნო, ამოწმებს მის ფორმალურ მხარეს, შემდეგ კი უგზავნის საბჭოს, რომელიც წყვეტს, დაუშვას თუ არა განცხადება განსახილველად.

განცხადებები განიხილება საბჭოს საჯარო სხდომაზე, სადაც მოწვეულები არიან როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე მხარე. საქმის განხილვის შემდეგ საბჭო იღებს გადაწყვეტილებას სადავო მასალაში დაირღვა თუ არა განმცხადებლის მიერ მითითებული რომელიმე პრინციპი. გადაწყვეტილებები ქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე დაარქივებული 2016-06-05 საიტზე Wayback Machine. .

  • ნანა ბიგანიშვილი (სტუდია მონიტორი)
  • ირმა ზოიძე (სტუდია REC)
  • ხატია ღოღობერიძე (Media Aprili)
  • მანანა ქველიაშვილი (ბათუმელები)
  • ვლადიმერ ჩხიტუნიძე (რადიო მარნეული)
  • გელა მთივლიშვილი (მთის ამბები)
  • ნინო რამიშვილი (სტუდია მონიტორი)
  • საბა წიწიკაშვილი (შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი, qartli.ge)
  • ნინო კაპანაძე (ჩემი ხარაგაული)

საბჭოს თავმჯდომარე

რედაქტირება
  • 2023 წლის დეკემბერი - დღემდე - ნანა ბიგანიშვილი
  • 2022-2023- ხატია ღოღობერიძე
  • 2021-2022 - თამარ რუხაძე
  • 2020-2021 - კამილა მამედოვა
  • 2019-2020 - ნანა ბიგანიშვილი
  • 2016-2019 - გიორგი მგელაძე
  • 2014- 2016 – ნინო ზურიაშვილი
  • 2013-2014 – ნათია კუპრაშვილი
  • 2012-2013 – გიორგი მგელაძე
  • 2011 – 2012 – ზვიად ქორიძე
  • 2009-2011 – ეთერ თურაძე

აღმასრულებელი დირექტორი

რედაქტირება
  • 2023 წლის დეკემბერი-დღემდე - ლია ჩახუნაშვილი
  • 2020- 2023 - მარიამ გოგოსაშვილი
  • 2019-2020 - გიორგი მგელაძე
  • 2015-2019 – ნატა ძველიშვილი
  • 2013-2015 – თამარ რუხაძე
  • 2012-2013 – თამარ კორძაია

ქარტიის პროექტები

რედაქტირება

მედიამონტორინგი

რედაქტირება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ჰყავს მონიტორთა ჯგუფი, რომელსაც 2010 წლიდან განხორციელებული აქვს როგორც საარჩევნო, ისე თემატური არაერთი მონიტორინგი:

  • საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი - 2012 წელი
  • საპრეზიდენტო არჩევნები მონიტორინგი - 2013 წელი
  • კრიმინალის გაშუქების მონიტორინგი მედიაში - 2012 წელი
  • ბავშვთა საკითხების გაშუქება მედიაში - 2013 წელი
  • ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” პროექტების მონიტორინგი - 2013 წელი
  • ბავშვთა საკითხების გაშუქება მედიაში - მეორე ეტაპი - 2014 წელი
  • გენდერის თემატიკის გაშუქება მედიაში - 2014 წელი
  • საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მონიტორინგი - 2016

Mediachecker მედიის კრიტიკის პლატფორმაა, რომელიც შეიქმნა 2013 წელს პროექტის „მედიის თვითრეგულირების გაძლიერება სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების მეშვეობით“ ფარგლებში. ვებგვერდზე ტელე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში განთავსებული ჟურნალისტური პროდუქტის ანალიზის შედეგებია თავმოყრილი. მონიტორთა ჯგუფი ყოველდღიურად აკვირდება მედიასაშუალებებს და დაფიქსირებული დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ სტატიებს, მოკლე სიახლეებსა და საავტორო სვეტებს ამზადებს. სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებს კი საშუალება აქვთ საკუთარი მოსაზრებები მედიასთან დაკავშირებით დააფიქსირონ განყოფილებაში „ბლოგები“.

„ლიბცენტრი“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს. წელიწადში ორჯერ ცხადდება კონკურსი სტუდენტებისთვის პროექტში მონაწილეობის მისაღებად. შერჩეული სტუდენტები ექვსი თვის განმავლობაში ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს - წერენ ბლოგპოსტებს, ახალ ამბებსა და ვიდეომასალებს ამზადებენ მიმდინარე მოვლენებზე, აშუქებენ აქციებს. პროექტის ფარგლებში ტარდება საჯარო ლექციები და დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოებასთან, ლიბერალურ და დემოკრატიული ღირებულებებთან დაკავშირებული თემებზე.

  1. ჟურნალისტებმა ეთიკის ქარტია მიიღეს. media.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-07. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2015.
  2. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები. qartia.org.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-20. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2015.
  3. სტატისტიკა. qartia.org.ge. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2015.[მკვდარი ბმული]
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას თამარ რუხაძე უხელმძღვანელებს. ick.ge. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2015.[მკვდარი ბმული]
  5. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორად ნატა ძველიშვილი აირჩიეს. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2015.[მკვდარი ბმული]