საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობა — არქიტექტურული ძეგლი თბილისში რუსთაველის გამზირის №52-ში. აშენდა 1949-1953 წლებში. მასში განთავსებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობის (თავდაპირველად „საქნახშირის” ადმინისტრაციული სახლი) აგება 1949 წელს დაიწყო. მას წინ უსწრებდა 1946 წელს ჩატარებული კონკურსი „საქნახშირის” ადმინისტრაციული სახლის პროექტზე, რომელიც თბილისში რუსთაველის გამზირსა და მოედნის კუთხეში უნდა აშენებულიყო. კონკურსში მიიღეს მონაწილეობა თბილისის წამყვანმა არქიტექტორებმა (სულ წარმოდგენილი იყო ათი პროექტი). 1946 წლის თებერვალში ჟიურიმ განიხილა ეს პროექტები და არქიტექტორების მ. ჩხიკვაძისა და კ. ჩხეიძის პროექტს მიანიჭა გამარჯვება. გამარჯვებულ პროექტში წარმოდგენილი იყო ყველა ძირითადი პრინციპი, რომლებიც შემდეგ მშენებლობაშიც განხორციელდა. საინტერესოა რომ არის ვარაუდი, რომ „საქნახშირის” ადმინისტრაციული სახლის მოცულობით-სივრცობრივი გადაწყვეტაზე გარკვეული გავლენა იქონია ცნობილი სტოქგოლმის საქალაქო რატუშის შენობის კომპოზიციამ (1911-1923 წწ.).

მშენებლობა ორ რიგად დაიყო. პირველად რუსთაველის გამზირისაკენ გამოსული ნაწილი აშენდა რომელიც 1953 წელს თითქმის მთლიანად დამთავრებული იყო, მაგრამ, მშენებლობა 1960-იან წლებშიაც ბოლომდე დამთავრებული არ იყო.

შენობა რუსთაველის გამზირის წითელ ხაზს უსწორდება. ხუთსართულიანი ჰორიზონტალური მასივი მოედნისკენ მაღალი, 55 მეტრიანი კოშკით მთავრდება, ხოლო გამზირისაკენ გამოსული პირველი სართულის მთელი ფრონტი ღია დაბალ გალერეას უჭირავს. მის ცენტრალურ ნაწილში ღია სივრცობლივი გასასვლელია ეზოსაკენ. თაღედს ორივე მხრიდან წინგამოწეული ნაწილი ჰკრავს; მოედნისკენ – ეს კოშკია, ხოლო გამზირისკენ – გვერდის რიზალიტი, რომელიც ასრულებს იმ ტრადიციულ როლს, რომელსაც საერთოდ, კოშკით დამთავრებული ასიმეტრული კომპოზიცია ავალებს მას – აწონასწორებს კოშკის ვერტიკალს. ამიტომ იგი კედლის ძირითადი სიბრტყიდან გამოწეულია. მისი დეკორატიული დამუშავების ზედა რეგისტრის თემა მეორდება ჰორიზონტალური მოცულობის ზედა სართულებში. შენობას ამთავრებს რთული, აჟურული პარაპეტით დაგვირგვინებული კარნიზი.

კოშკის ზედა, სარტყელით გამოყოფილი ნაწილი ღია, მაღალი ჰაეროვანი თაღედითაა გახსნილი და მას საფეხუროვანი ფრიზი ამთავრებს. მის თავზე კი წახნაგოვანი მაღალი ბელვედერია, რომელიც შპილითაა დაგვირგვინებული.

მთელ შენობას ბოლნისის მოვარდისფრო-ოქროსფერი ტუფი მოსავს. ცოკოლი და თაღედის სვეტები – ოდნავ მომწვანო იერის მქონე მუქი ნაცრისფერი ბორჯომის გრანიტითაა მოპირკეთებული.

პროექტის ავტორები შენობის ორი ფრთის (გამზირისა და მოედანზე გამომავალთ) კუთხეში კოშკით კრავენ და აქ ითვალისწინებდნენ სართულების დამაკავშირებელ სადარბაზო კიბეებს, ხოლო კოშკის ზედა ნაწილში წიგნსაცავი იყო გათვალისწინებული.

გამზირისა ანუ ძირითადი ფრთის ფასადის კომპოზიცია მასათა ურთიერთგაწონასწორებაზეა აგებული. ძირითადი მასის ჰორიზონტალური გადაწყვეტა წონასწორდება ერთი მხრივ კოშკის, მეორე მხრივ კი რიზალიტის ვერტიკალური დამუშავებით. კოშკი და რიზალიტი ერთ მთელად კრავენ შენობის ძირითად მასებს და ასრულებენ ფასადის ფრონტალურ კომპოზიციას. ამ ფასადისა და საერთოდ მთელი შენობის არქიტექტურულ კომპოზიციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შენობის ცენტრალური, ჰორიზონტალურად გადაჭიმული მასივის ქვედა რეგისტრს – ღია, მრავალმალიან თაღედს, რომელიც სივრცობლივ გასასვლელს ქმნის და გამზირს აკავშირებს შიდა ეზოს სივრცესთან. მისი გადაწყვეტა კარგად ითვალისწინებს სამხრეთის პირობებს და შენობის ორიენტაციას.

კოშკის მთელ შენობასთან შეფარდების დროს, პროექტის ავტორები კოშკისა და ჰორიზონტალურად დაწოლილ მასებს შორის პროპორციათა ჰარმონულ მწკრივს ემყარებოდნენ. რადგან შენობის ფრონტალური აღქმა (ვგულისხმობთ გამზირზე გამოსული მთავარი ფასადისა) პრაქტიკულად შეუძლებელია, უმთავრესი ყურადღება თვით კოშკის დანაწევრებათა ურთიერთშეფარდებას დაეთმო, რადგან განხილვისას კოშკი შენობაში ყოველთვის მთავარ როლს თამაშობს. იგი ქვევიდან ზემოთ თანდათან მსუბუქდება. მისი მასივი დიდი ზომის ვერტიკალური ხვრელობებით არის დანაწევრებული.

მაგრამ თუ კოშკისა და შენობის ჰორიზონტული მასივის ურთიერთ შეფარდება გათვალისწინებულია, მისი არქიტექტურულ-მხარვრული დამუშავება სრულიად სხვა ხასიათისაა. არც ელემენტთა დამუშავება, მათი მასშტაბი ან პროპორციები უწყობს ხელს მთელი შენობის არქიტექტურული გადაწყვეტის მთლიანობას. აქ თავს იჩენს კოშკის გადაწყვეტისას ფუნქციური მხარის უგულებელყოფა (როგორც აღინიშნა, ამ კოშკში, ძირითადად, მხოლოდ კიბის უჯრედია, ზევით გათვალისწინებული წიგნთსაცავი მეტად ნაძალადევად თავსდება ფართობში). თუ შენობის ჰორიზონტალურ ნაწილში კარ-ფანჯრები, უპირველეს ყოვლისა, უტილიტარულ სამსახურს უწევენ შენობას, კოშკში ისინი გადაქცეული არიან წმინდა მხატვრული” ამოცანების გადაწყვეტის საშუალებად. ამ წინააღმდეგობამ შინაარსობრივსა და ფორმალურ ამოცანებს შორის, ბუნებრივია თავისი დაღი დაასვა შენობის საერთო სახის ერთიანობას.

„საქნახშირის” სახლის არქიტექტურაში აშკარად ჩანს არქიტექტორთა სურვილი ეროვნული ხუროთმოძღვრული ტრადიციების გამოყენებისა. მაგრამ ეროვნული ხასიათის მინიჭებისათვის აქ ძირითადად დეკორია გამოყენებული. სამკაულთა შერჩევის დროს არ არის დაცული ერთიანობა. ფასადზე ვხვდებით სხვადასხვა ზომისა თუ ხასიათის დეკორატიულ მოტივებს, რომლებიც ვერჩაიწერა ერთიან მხატვრულ სისტემაში. ამან კი გამოიწვია ფასადების გადატვირთა დეკორატიული ელემენტებით.

ამრიგად, ზემოაღნიშულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნული აკადემიის ( ყოფ. “საქნახშირის” ადმინისტრაციული) შენობის არქიტექტურაში საინტერესო კომპოზიციური ხერხებთან ერთად, შეიმჩნევა გარკვეული წინააღმდეგობა ფუნქციონალური და მხატვრული ამოცანების გადაწყვეტაში, რამაც გარკვეულ წილად უარყოფითად იმოქმედა შენობის საერთო არქიტექტურული სახის ერთიანობაზე. წარმოადგენს XX საუკუნის 40-იანი წლების და 50-იანი წლების დასაწყისის ქართული არქიტექტურის დამახასიათებელ ნიმუშს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება