სასჯელი — ზომა, რომელიც მიიღება როგორც არასასურველად ან მიუღებლად მიჩნეულ ქცევაზე ან ქმედებაზე პასუხი და მისი შემაკავებელი.

სისხლის სამართალში სასჯელი სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიებაა, რომელიც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეეფარდება დანაშაულის ჩამდენ პირს.[1]

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასჯელის მიზნებია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, გამოიყენება სასჯელის შემდეგი სახეები: ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამოსასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, შინაპატიმრობა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, უვადო თავისუფლების აღკვეთა, ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 66-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანის (14 წლიდან 18 წლამდე) სასჯელის სახეებია: შინაპატიმრობა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.