სარუ ბრაიერლი (დ. 1981) — ინდური წარმოშობის ავსტრალიელი ბიზნესმენი და მწერალი. იგი ხუთი წლის ასაკში თავის ბიოლოგიურ ოჯახს შემთხვევით დაშორდა, რის შემდეგაც იგი ავსტრალიელმა წყვილმა იშვილა. სარუ თავის ბიოლოგიურ დედას 25 წლის შემდეგ დაუბრუნდა, მას შემდეგ რაც მშობლიურ ქალაქს Google Earth-ის საშუალებით მიაგნო. მისმა ამბავმა მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ავსტრალიასა და ინდოეთში.

სარუ ბრაიერლი
ინგლ. Saroo Brierley
დაბადების თარიღი 15 ივნისი, 1981(1981-06-15) (43 წლის)
დაბადების ადგილი Khandwa
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  ინდოეთი
 ავსტრალია
ალმა-მატერი Angliss International Hotel School
ნათესავ(ებ)ი Sue Brierley, John Brierley და Mantosh Brierley
საიტი saroobrierley.com

სარუმ თავის გამოცდილებაზე ავტობიოგრაფიული რომანი „გრძელი გზა შინისკენ“ დაწერა, რომელიც 2013 წელს ავსტრალიაში გამოქვეყნდა. მისი მიხედვითაა გადაღებული 2016 წლის ოსკაროსანი ფილმი „ლომი“, რომელშიც სარუს როლს დევ პატელი და სანი პავარი ასრულებენ, ჯონ და სიუ ბრაიერლის როლებში კი დევიდ ვენჰემი და ნიკოლ კიდმანი გვევლინებიან.

ბიოგრაფია

რედაქტირება

შერუ მუნში ხანი[1] მადჰია-პრადეშის შტატში, განეში ტალაის ღარიბ გარეუბანში დაიბადა. დედამისი ინდუსი იყო, მამა კი – მუსლიმი, რაც იმ დროისთვის იშვიათობას წარმოადგენდა. როცა სარუ სამი წლის იყო, მამამისმა ოჯახი მიატოვა და სხვა ქალი შეირთო ცოლად. დედამისმა გადაწყვიტა, ოფიციალურად განქორქინება არ მოეთხოვა, და კიდევ უფრო გაღარიბებული, შვილების სარჩენად მშენებლობაზე მუშაობდა, თუმცა ვერ ახერხებდა მათ სკოლაში გაგზავნას და ხშირად ყველას გამოკვებაც კი უჭირდა. სარუ და მისი უფროსი ძმები, გუდუ და კულუ, რკინიგზის სარდგურსა და ბაზრობაზე საკვებისა და ფულისთვის მათხოვრობდნენ. აგრეთვე სარუს დედა ხშირად მეზობლებთან საკვები ნარჩენების სათხოვნელად გზავნიდა. გუდუ ხანდახან ჭურჭლის მრეცხავან და დამლაგებლად მუშაობდა. თუმცა ბავშვები მაინც ხშირად შიმშილობდნენ და საკვების საშოვნელად მუდმივად სხვადასხვა გზების ძებნა უხდებოდათ, მათ შორის სხვისი ხეხილისა და ბოსტნეულის მოპარვა. ერთხელ გუდუ სადგურზე კბილის ჯაგრისისა და პასტის ნაკრების გაყიდვის შემდეგ დააკავეს, და მიუხედავად იმისა, რომ კანონი ბავშვების დაცვას ითვალისწინებდა, იგი რამდენიმე დღით დააპატიმრეს.[2][3]

ერთ საღამოს სარუ გუდუს მატარებლით ქალაქ ბურნჰაპურში გაჰყვა. როცა მატარებელმა ბურნჰაპურს მიაღწუა, გუდუმ სარუ ბაქანზე დატოვა და დაჰპირდა, რომ მალე დაბრუნდებოდა. სარუ ვეღარ ითმენდა. მან გაჩერებული მატერებელი შენიშნა და ცარიელ ვაგონში შევიდა, რომელსაც მეზობელი ვაგონებში გასასვლელი კარები არ ჰქონდა. იმ იმედით რომ გუდუ დაბრუნდებოდა, მან დაიძინა, თუმცა როცა გაიღვიძა, მატარებელი მისთვის უცნობ ადგილას იმყოფებოდა. მატარებელი დროგამოშვებით მცირე სადგურებში ჩერდებოდა, თუმცა სარუ კარის გაღებას ვერ ახერხებდა. მისი მოგზაურობა კალკუტის სადგურ ჰორაჰში დასრულდა, როდესაც მისი ვაგონის კარი ვიღაცამ გაიღო, რამაც გაქცევის საშუალება მისცა. ამავე ღამეს, მშობლიური ქალაქიდან 1500 კილომეტრის დაშორებით, გუდუ მატარებელმა გაიტანა.

სარუ სახლში დაბრუნებას სხვადასხვა მატარებლებით ცდილობდა, თუმცა ეს გარეუბნების მატარებლები იყო, რომელთაგან ყველა მას საბოლოოდ ჰორაჰის სადგურზე აბრუნებდა. ერთი-ორი კვირის მანძილზე სარუ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა. იგი ქუჩაში მოპოვებული ნარჩენებით იკვებებოდა და სადგურზე იძინებდა. საბოლოოდ, მან ქალაქში გადაინაცვლა. კალკუტის ქუჩებში უსახლკაროდ გატარებული დღეების შემდეგ სარუ რკინიგზის მუშამ იპოვა, რომელმაც იგი საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყო. თუმცა როდესაც მუშამ სარუ თავის მეგობარს უჩვენა, სარუ გაიქცა, რადგანაც მიხვდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა. მამაკაცები მას დაედევნენ, თუმცა მან გაქცევა შეძლო.[2][3]

მალევე სარუ ერთ მოზარდს შეხვდა, რომელმაც იგი პოლიციაში წაიყვანა და სავარუდოდ დაკარგულ ბავშვად გამოაცხადა. პოლიციამ სარუ მიტოვებული ბავშვების ცენტრში გადაიყვანა. რამდენიმე კვირის შემდეგ სარუ ინდოეთის შვილად აყვანის საზოგადოებამ წაიყვანა. მათ სარუს ოჯახის მოძებნა სცადეს, თუმცა ბიჭს არ ჰქონდა საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ სოცაგენტებს თავისი მშობლიური ქალაქის მიგნებაში დახმარებოა, რის შემდეგაც იგი ოფიციალურად დაკარგულ ბავშვად გამოცხადდა. მალევე იგი ბრაიერლების ოჯახმა იშვილა, რომლებიც ავსტრალიიდან, ტასმანიის ქალაქ ჰობარტიდან იყვნენ.

ამ დროის განმავლობაში სარუს დედა თავისი ორი ვაჟის მოძებნას ცდილობდა. მათი გაუჩინარებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, პოლიციამ მას აცნობა, რომ გუდუ, რომლის ცხედარიც რკინიგზის ლიანდაგებზე იპოვეს, ბურნჰაპურის სადგურიდან მომავალმა მატარებელმა გაიტარა. ამის შემდეგ ქალმა მთელი თავისი ენერგია სარუს პოვნისკენ მიმართა და ამისთვის მატარებლით სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობდა. იგი არ კარგავდა იმედს, რომ სარუ ცოცხალი იყო და ერთ დღესაც დაბრუნდებოდა. წლების შემდეგ, როცა მან ბურნჰაპურში გადასვლის საშუალება მიეცა, მან გარეშ ტალაიში დარჩენა არჩია, რათა სარუს, დაბრუნების შემთხვევაში, მისი მოძებნა შესძლებოდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Aroral, Chandna. (15 February 2017) Saroo Brierley: I lived in a multicultural atmosphere, but never faced racism in Australia. BBC. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
  2. 2.0 2.1 Brierley, Saroo (2013) A Long Way Home. Viking. Melbourne, Australia. ISBN 9780670077045
  3. 3.0 3.1 Banerji, Robin. (14 April 2012) Little boy lost finds his mother using Google Earth. BBC. ციტირების თარიღი: 24 April 2017.