სანდრო ვაჩეიშვილი

ალექსანდრე (სანდრო) ვაჩეიშვილი (დ. 31 ოქტომბერი, 1960, თბილისი, — გ. 15 აგვისტო, 1992, დ. განთიადი, ახლანდ. გაგრის მუნიციპალიტეტი, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1984 წელს. 1984-1987 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სოფ. ძველი ქანდის (ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი) საშუალო სკოლაში და 1987-1992 წლებში თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.

მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში: საქართველოს მხატვართა რესპუბლიკური საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები (1987, თბილისი, მხატვრის სახლი); საქართველოს ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა (1988, თბილისი, აბანოთუბანი); საქართველოს მხატვართა გამოფენა (1988, მოსკოვი, მანეჟი); ავანგარდისტ მხატვართა გამოფენა (1991, თბილისი, მხატვრის სახლი); პერსონალური გამოფენა (1993, თბილისი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი); "გამოფენა-კონტრასტი"(1999, თბილისი, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა); პერსონალური გამოფენა (2001, თბილისი, გალერეა "TMS-ი"). შექმნილი აქვს პორტრეტების, აბსტრაქციების, მონუმენტურ-დეკორატიული კომპოზიციების ვრცელი სერიები. მთავარი თემა ადამიანის ჰარმონიულობაა. გამოცემულია მისი ნამუშევრების ალბომი-კატალოგი (2001, თბილისი).

მოხალისედ იბრძოდა ცხინვალის რეგიონსა (1991 წლის დეკემბერი) და აფხაზეთში (1992). დაიღუპა დაბა ლესელიძესთან სადესანტო ოპერაციის დროს. დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის” (სიკვდილის შემდეგ, 1995).

ლიტერატურა

რედაქტირება