სამსონის შადრევანი (კიევი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სამსონის შადრევანი ან ფელიციალი (უკრ.: Фонтан Самсон, Феліціял), უკრაინული ბაროკოს სტილის შადრევანი კიევის პოდილის რაიონში. შადრევანი XVIII საკუნეში ააგეს, თუმცა ბოლშევიკებმა იგი 1934 (თუ 1935) წელს დაანგრიეს. აღდგენილ იქნა 1981 წელს კიევის რუსეთის 1500 წლისთავზე.

სამსონის შადრევნის რეკონსტრუქცია

ლომთან მორკინალი სამსონის პირველი ქანდაკება ამ ადგილას 1749 წელს გაჩნდა. ქანდაკება არქიტექტორი ივანე გრიგოროვიჩ-ბარსკის პროექტით შეიქმნა წყალმომარაგების ახალი სისტემის გაყვანასთან ერთად. ეს კიევში პირველი წყალგაყვანილობა იყო. თუმცა წყლის რეზერვუარი ამ ადგილას ჯერ კიდევ კიევის რუსეთის პერიოდიდან არსებობდა. წყალი მასში ხის მილებით მოედინებოდა, ხოლო პოდოლის მცხოვრებლები მას საკუთარი საჭიროებებისთვის იყენებდნენ. იმ პერიოდში, როდესაც ევროპაში მოდაში შემოვიდა ცენტრალური მოედნების ქანდაკებებიანი შადრევნებით მორთვა, კიეველებმაც გადაწყვიტეს საკუთარი რეზერვუარის მცირე შადრევნით გალამაზება. შადრევანი წრიულ როტონდაში მოაქციეს. მასში დადგეს ანგელოზის ხის ქანდაკება ხელში თასით, რომლიდანაც წყალი გადმოედინებოდა. როტონდის თავზე გაჩნდა კიდევ ერთი ანგელოზის ფიგურა, რომელსაც ქარი ატრიალებდა. ამ პავილიონს "ფელიციონს" უწოდებდნენ. დღესასწაულების დღეებში შადრევნის წყალს სამღვდელოება აკურთხებდა, ხოლო როტონდის სვეტებს ხის ტოტებით რთავდნენ. ბიბლიურ გმირს მკერდზე ჯვრებს ჰკიდებდნენ, რათა მას ქალაქი უბედურებისგან დაეცვა. XVIII საუკუნის ბოლოს როტონდის სახურავზე მზის საათი დააყენეს, თუმცა საათი პავილიონთან ერთად პოდოლში 1811 წელს მომხდარმა გრანდიოზულმა ხანძარმა გაანადგურა. როტონდა მალევე აღადგინეს, თუმცა უკვე უსაათოდ.

1934 წელს ყველასთვის საყვარელი შადრევანი მოულოდნელად დაშალეს. გადმოცემით, ეს შემთხვევით მოხდა. რომელიღაც დღესასწაულის წინ ერთ-ერთ ადგილობრივ მმართველს სამსონთან ნაგვის გროვა დაუნახავს და უბრძანებია: "მოაშორეთ!" ხელქვეითებმა გადაწყვიტეს, რომ მოშორების ბრძანება შადრევანს ეხებოდა და ამგვარად პოდოლზე შადრევანი გაქრა.

ახალი ცხოვრება "სამსონმა" ნახევარი საუკუნის შემდეგ მიიღო. კიევის რუსეთის 1500 წლის ზეიმის აღსანიშნავად ძველის ნიმუშად ამ ადგილას იგივე შადრევანი ააგეს. ეს შადრევანი დღეს პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივთა, ისე ქალაქის სტუმართა შორის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება