სამოჭალოს წმინდა გიორგის ეკლესია

სამოჭალოს წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რკონის კომპლექსის აღმოსავლეთით, 2 კმ-ზე, ნასოფლარ სამოჭალოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,5X5,4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩაქცეულია კამაროვანი გადახურვა და კონქი. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია, კარის ღიობი გადახურულია ტიმპანით, რომელიც შიგნიდან და გარედან თაღითაა მოჩარჩოებული. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს — მცირე ზომის სწორკუთხა ნიშები. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ერთი თაღოვანი სარკმელია, რომლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას. გრძივი კედლები და კამარა პილასტრებითა და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებს ერთ ქვაში კვეთილი თაროსებრი კაპიტელები აქვთ.

მოხატულობა

რედაქტირება

ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა. მოხატულობის შემორჩენილი ფრაგმენტები თარიღდება XII საუკუნის დასასრულით. საკურთხევლის მოხატულობა ორ რეგისტრად იყო დაყოფილი. კონქში შემორჩენილია ვედრების კომპოზიციის ქვედა ნაწილი: მაცხოვრის შიშველი ფეხი, შვიდქიმიანი ვარსკვლავებით მორთული მოწითალო-ყავისფერი ფეხსადგამი, ორი ექვსფრთედი, იოანე ნათლისმცემლის გამოსახულების ნაწილი და მწვანე ფერის მიწა. კონქის კომპოზიცია შემოსაზღვრულია კიბისებრი ორნამენტით. ქვედა რეგისტრში ეკლესიის მამებია წარმოდგენილი. ამავე რეგისტრის სამხრეთ კიდეში შემონახულია დიაკვნის გამოსახულება. მას ოდნავ მოხრილი გრძელი წარბები, თხელი ცხვირი, პატარა ბაგეები და ფართოდ გახელილი დიდი თვალები აქვს. ამ რეგისტრის სამხრეთ ნაწილში ოთხი ფიგურაა. ჩრდილოეთით მხოლოდ ერთი წმინდანის მცირე ნაწილი გაირჩევა. ფრონტალურად წარმოდგენილი წმინდანები მსუბუქი თაღნარითაა მოჩარჩოებული. საკურთხევლის სარკმლის წირთხლები შემკულია მცენარეული ორნამენტით (ყულფით გადაბმული წრეები შიგ ჩახატული ყვავილებით). სარკმლის ქვემოთ ჯვარია გამოსახული. მხატვრობა დასრულუბულია კიბისებრი ორნამენტით. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე სწორკუთხა ჩარჩოში მოქცეული წმ. დედათა წელზედა ფიგურებია. წმინდანებს სხვადასხვა ფერის (მოწითალო-ყავისფერი, ყვითელი) შარავანდები აქვთ, რაც ქართული მონუმენტური მხატვრობის ძეგლებში ჯერ კიდევ XI საუკუნიდან გვხვდება. ამავე კედლის დასავლეთ მონაკვეთზე, შესასვლელის თავზე გაირჩევა მცირე ზომის ფიგურა და მისი წითელი ფეხსაცმელი. შესასვლელის დასავლეთით, წმ. მეომრების მონუმენტურ ფიგურებს ორი რეგისტრის მთელი სიმაღლე უჭირავთ. ორნამენტი, რომელიც მათი ჩაცმულობის ცალკეულ ნაწილებს ამკობს, შესრულების მაღალი პროფესიონალიზმით ხასიათდება. სარკმლის წირთხლებზე მოცემული მცენარეული ორნამენტი იმეორებს საკურთხევლის სარკმლის სახეებს. ჩრდილოეთ კედელზე ასახულია წმ. გიორგის მიერ მეფის ასულის გველეშაპისაგან დახსნის სცენა. ჩანს პირდაღებული გველეშაპის თავი კისერზე გამობმული თოკით, ცხენის ფლოქვი, წმინდანის სამოსის ნაწილი და მარჯვნივ ორი ხელაპყრობილი ფიგურა. მოხატულობის კოლორიტში გაბატონებულია მოწითალო-აგურისფერი, ღია ზურმუხტისფერი-მწვანე, ოქროსფერი ოქრა, მოწითალო-ყავისფერი. ორნამენტებისათვის გამოყენებულია აგრეთვე ნაცრისფერი და მუქი ლურჯი საღებავები.

ეკლესიის სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილია პროფილირებული ლავგარდნის ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება