სამოსის თემი (ბერძ. θέμα Σάμου) — ბიზანტიის იმპერიის სამხედრო-ადმინისტრაციული პროვინცია. თემი ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, მცირე აზიის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

თემის ჩამოყალიბების ზუსტი თარიღი უცნობია. VIII საუკუნის დასაწყისში, როდესაც კარაბისიანული ფლოტი დაიშალა, ჩამოყალიბდა რამდენიმე საზღვაო სამმართველო. X საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორი, კონსტანტინე VIII პორფიროგენეტი აღნიშნავს: როდესაც იმპერია დაიყო თემებად, სამოსი გახდა ზღვაოსნების თემი. სამოსის თემი ისტორიულ წყაროებში, მის სტრატეგოსთან ერთად 899 წელს გამოჩნდა. თემი ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ კუნძულებს და მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროს (ადარმატიონიდან-ეფესომდე) ფლობდა[1][2]. თემის დედაქალაქი სმირნაში მდებარეობდა. 911 წელს, კრეტის ექსპედიციაზე, თემმა 22 საბრძოლო ხომალდი, 3,980 მენიჩბე და 600 ქვეითი გააგზავნა[1][3]. თემის მთავარი ნაწილი, რომელიც ასევე თრაკესიონის თემს ეკუთვნოდა, დანაწევრებული იყო ტურმებად. სამოსის სტრატეგოსი ვალდებული იყო გამოეყვანა ფლოტი და დაეცვა მიმდებარე კუნძულები, ხოლო სანაპირო ზოლი, ქალაქებით და მოსახლეობით, თრაკესიონის კონტროლის ქვეშ იყო. თრაკესიონის სტრატეგოსი პასუხისმგებელი იყო თემის სანაპირო ზოლის დაბეგვრასა და თავდაცვის სფეროში[4]. XI საუკუნეში სამოსის ფლოტის გაუქმების შემდეგ, თემი საზღვაო თემიდან, რეგულარულ სამხედრო-სამოქალაქო თემად იქცა[1].

ლიტერატურა

რედაქტირება