სანქტ-პეტერბურგის სამების ტაძარი

(გადამისამართდა გვერდიდან სამების ტაძარი (სანქტ-პეტერბურგი))

წმინდა სამების ტაძარი (რუს. Троице-Измайловский собор) — მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, გვიანი კლასიციზმის სტილის ნიმუში. აშენდა 1825-1835 წლებში არქიტექტორ ვასილი სტასოვის პროექტით სპეციალურად იზმაილოვის პოლკისთვის, მას შემდეგ რაც მისი სანქტ-პეტერბურგში გადაბარგების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არაოფიციალურად ამ ტაძარს ბევრი დღემდე უწოდებს იზმაილოვის ტაძარს. ის 3000 ადამიანს იტევს. საბჭოთა პერიოდში სასაწყობედ იყენებდნენ. 1990 წელს რუსეთის სინოდის საკუთრებაში დაბრუნდა.

სანქტ-პეტერბურგის სამების ტაძარი

სანქტ-პეტერბურგის სამების ტაძარი, 2017

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1835
დეტალები

შენობა დიდი ცენტრალური გუმბათისაა და სიმეტრიულად განლაგებული ოთხი მცირე ზომის გუმბათისგან შედგება. ეს უკანასკნელნი კორინთული ორდერის პორტიკებს აგვირგვინებენ. ტაძრის ნიშებში მოქანდაკე გალბერგის მიერ შესრულებული ანგელოზების ბრინჯაოს ქანდაკებები დგას. თავისი არსებობის მანძილზე ტაძარი ყოველთვის ღარიბი იყო საეკლესიო რელიკვიებით, სამაგიეროდ მასში მრავლად იყო სატროფეო მონაგარი, რომელიც იზმაილოვის პოლკს ამა თუ იმ ომში ნადავლის სახით ჰქონდა მოპოვებული. ერთი პერიოდი აქ ოსმალეთის იმპერიის შენაერთებისთვის წართმეული ზარბაზნებიც კი იწონედნენ თავს. 1917 წელს ტაძარი გაძარცვეს და მასში მოთავსებული საეკლესიო თუ სამხედრო ნივთები მთლიანად გაიტანეს.

1886 წელს ტაძრის წინ გრიმის პროექტით „დიდების კოლონა“ აღიმართა. ის რამდენიმეიარუსიანი იყო და სატროფეო თურქული ზარბაზნებისგან შედგებოდა. კოლონის გრანიტის პედესტალზე ბრინჯაოს დაფები იყო დამაგრებული, რომელზეც იზმაილოვის პოლკის გვარდიელების ბრძოლების და გმირობების ჩამონათვალი იყო ამოტვიფრული. 1930-იან წლებში კოლონა რუსული მილიტარიზმის სიმბოლოდ ჩათვალეს, რომელიც სხვა სიკეთესთან ერთად ტრამვაის გადაადგილებას უშლიდა ხელს, რის გამოც მისი დანგრევა გადაწყდა.

იზმაილოვის წმინდა სამების ტაძარი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ აქ 1867 წელს დოსტოევსკიმ იქორწინა. 1894 წელს კი ტაძრიდან პიანისტი ანტონ რიბინშტეინი გამოასვენეს.

2006 წლის 24 აგვისტოს რეკონსტრუქციის დროს გაჩენილი ხანძრის გამო ჩამოინგრა ძირითადი ლურჯი და ერთი მომცრო განაპირა გამბათი და საგრძნობლად დაზიანდა შენობის ინტერიერი. ხატების და სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული ნივთების გადარჩენა მოხერხდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება