სამაჭრე, ძველი სავაჭრე, სადადეგო ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

სახელწოდება სამაჭრე ამ ჯიშის სამეურნეო მიმართულებაზე მიუთითებს, ხოლო მისი სინონიმი „სადადეგო“ სიმწიფის პერიოდს აღნიშნავს. „დადეგს“ დასავლეთ საქართველოში 1 სექტემბერს (ენკენისთვეს) ეძახდნენ.

სამაჭრე სექტემბრის პირველ ნახევარში მწიფდება და რადგანაც მისი ღვინო ხანგრძლივად ვერ ძლებს, ყურძნისგან დაწურულ წვენს ძირითადად რთველის დროს მაჭრის სახით მოიხმარ-დნენ.

ერთეული ძირებია ზესტაფონის, თერჯოლისა და საჩხერის სოფლებში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან თითქმის ოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მხრიანი, ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, მუქი წითელი, თითქმის შავი. კანი სქელი და უხეში აქვს, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარია, წვენი შეუფერავი.

სამაჭრე საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 150 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 150-350 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22.3%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ღია-წითელი შეფერვის, დამახასიათებელად არომატული და მცირედ ექსტრაქტულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 329