სალუსტიუს კრისპუსი

სალუსტიუს კრისპუსი (ლათ. Gaius Sallustius Crispus; დ. ძვ. წ. 86 — გ. ძვ.წ. 35) — ითვლება პირველ რომაელ ისტორიკოსად. დაიბადა პროვინციულ ქალაქ ამიტერნუმში. ადრიდანვე ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში. ძვ. წ. 52 წელს აირჩიეს სახალხო ტრიბუნად, მაგრამ მისი კარიერა პოლიტიკური შეხედულებების გამო მალე შეწყდა და სენატის წევრობიდან გარიცხეს (მოგვიანებისთ ცეზარმა აღადგინა). სალუსტიუსი იყო ცეზარის აქტიური მომხრე. სამოქალაქო ომის დროს ასრულებდა დიქტატორის დავალებებს. ცეზარის სიკვდილის შემდეგ ჩამოსცილდა პოლიტიკას.

სალუსტიუს კრისპუსი
ლათ. C. Sallustius Qui. Crispus
დაბ. თარიღი 1 ოქტომბერი, ძვ. წ. 86[1]
დაბ. ადგილი ამიტერნუმი
გარდ. თარიღი 13 მაისი, ძვ. წ. 35[1] (50 წლის)
გარდ. ადგილი რომი
მოქალაქეობა ძველი რომი
საქმიანობა ძველი რომაელი ისტორიკოსი, მწერალი[2] [3] , პოეტი, ძველი რომაელი პოლიტიკოსი და ძველი რომაელი სამხედრო პირი
მეუღლე ტერენცია
შვილ(ებ)ი გაიუს სალუსტიუს კრისპუსი

სალუსტიუსის მთავარი ნაწარმოები არის „ისტორია“, რომლის მხოლოდ ფრაგმენტებია მოღწეული. „ისტორია“ შედგება 5 წიგნისაგან და მოიცავდა ძვ. წ. 78–66 წლების ისტორიას. „ისტორიის“ ფრაგმენტებში დაცულია ბევრი ისეთი ინფორმაცია, რომელიც ავსებს სხვა წყაროთა ცნობებს.

სამოქალაქო ომის პერიოდის რომის ისტორიაში განსაკუთრებული როლი ენიჭება სალუსტიუსის წერილებს იულიუს ცეზარისადმი (ცნობილია ორი წერილი). ეპისტოლეებში გამოკვეთილად ჩანს ისტორიკოსის პოლიტიკური შეხედულებები და მისი დამოკიდებულება რომში მიმდინარე მოვლენებისადმი.

რომის ისტორიის სრულიად განსხვევებული პრობლემებისადმია მიძღვნილი სალუსტუსის ნაშრომები „კატილინას შეთქმულება“ და „იუგურთას ომი“.

„კატლინას შეთქმულებაში“ სალუსტიუსს აღწერილი აქვს თანამედროვე რომში მიმდინარე დაძაბული სიტუაცია, სახელმწიფო გადატრიალების განზრახვა, რომელსაც ლუციუს სერგიუს კატილინა ედგა სათავეში. ისტორიკოსი სიტყვებს არ იშორებს კატილინას უარყოფითი სახის დასახატავად. ამ შემთხვევაში მისი შეფასება ემთხვევა ციცერონის დახასიათებას, რომელმაც, როგორც კონსულმა, გადამწყვეტი როლი შეასრულა კატილინასა და მისი მომხრეების განადგურებაში. სალუსტიუსი მკაცრად აკრიტიკებს სამოქალაქო ომის პერიოდის გაბატონებულ ფენასა და ღარიბ მოსახლეობასაც, როგორც ბრმა იარაღს მდიდრების ხელში.

„იუგურთას ომში“ გადმოცემულია ნუმიდიის დამოუკიდებელი არსებობის უკანასკნელი პერიოდი. სალუსტიუსის თხზულებაში აღწერილია არა მარტო საომარი ოპერაციები, არამედ რომის რესპუბლიკის შინაგანი გადაგვარების ფაქტები. იუგურთა თავისუფლად ახერხებდა თავისი მიზნების სისრულეში მოყვანას, რომის სარდლების მოსყიდვის გზით.

სალუსტუსი ბერძნული საისტორიო მწერლობის გავლენას განიცდიდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ რომაული ისტორიოგრაფია მისი შემოქმედებით იწყება.

ლიტარტურა

რედაქტირება
  • ქავთარია გ., რომის ისტორია, ტ. I, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2016, გვ. 20-21.
  • Broughton, Thomas Robert Shannon (1952). The magistrates of the Roman republic. New York: American Philological Association. 
  • Earl, DC (1966). „The Early Career of Sallust“. Historia: Zeitschrift für Alte Geschichte. 15 (3): 302–311. ISSN 0018-2311. JSTOR 4434936.
  • Grant, Michael (1995). Greek and Roman historians: information and misinformation. London: Routledge. ISBN 0-415-11769-0. OCLC 30974327. 
  • Levene, DS (2007). „Roman historiography in the late republic“, A companion to Greek and Roman historiography. Routledge, გვ. 275–289. ISBN 978-1-4051-0216-2. 
  • Mackay, Christopher S. (2009). The breakdown of the Roman republic: from oligarchy to empire. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-51819-2. OCLC 270232275.