საიდ მულიანი
საიდ მულიანი (დ. 25 სექტემბერი, 1974) — ქართული წარმომავლობის ირანელი ისტორიკოსი და ქართველოლოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასაიდ მულიანი ფერეიდანში, სოფელ ჩუღრუთში დაიბადა. ის 400 წლის წინ სპარსეთში გადასახლებული ქართველების შთამომავალია. მათი უმეტესობა ცხოვრობს ფერეიდუნშაჰრში (ფერეიდანი),რომელსაც ქართულ მარტყოფს ეძახიან. „მე ვარ მე-16 თაობა იმ ხალხისა, რომლებიც მე-17 საუკუნეში იძულებით გადაასახლეს კახეთიდან ირანში“, – წერს საიდი. „პროფესიით ისტორიკოსი ვარ. მე ვასწავლიდი ისპაჰანის უნივერსიტეტის ფილიალებში, რომლებიც ფერეიდანშია და, სხვათა შორის, პირველი ფერეიდნელი ვიყავი, ვინც მიიღო უმაღლესი განათლება ისტორიაში და ამ უნივერსიტეტებში დაიწყო სამსახური. პენსიაზე განგებ გავედი ადრე, რომ რითაც გატაცებული ვარ, იმის კეთებით ვისიამოვნო, ანუ ქართველობას ვემსახურო.[1] ქართულ-ირანული დედაენა საიდმა ძმასთან, კახასთან ერთად შეადგინა. ეს არის გოგებაშვილის „დედა ენის“ ირანულად ადაპტირებული ვარიანტი. შემდგენლებმა ზოგან ისეთი სიტყვები და ფრაზები დაამატეს, რაც ირანში მცხოვრებისთვის უფრო გასაგები იქნებოდა, თან შეეცადნენ ტექსტები ისეთი ყოფილიყო, რომ მკითხველში პატრიოტული განწყობაც გაეღვიძებინა. მაგალითად, გააზრებულად არის ნახსენები აფხაზეთი, სამაჩაბლო. ეს წიგნი დიასპორის სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა და რადგან მანამდე ამგვარი გამოცემა არ არსებობდა, ძალიან მალე გაიყიდა. ვინაიდან ქართული ენის შესწავლის მოთხოვნილება და სურვილი ასეთი დიდი იყო, 2000 წელს საიდ მულიანმა თანამოაზრეებთან ერთად გახსნა საზაფხულო ქართული სკოლა, რომელმაც დაახლოებით 4 წელი იარსება და რიგი მიზეზების გამო, დაიხურა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ საზაფხულო სკოლა ისევ გაიხსნა. ქართული სკოლები ჯერჯერობით მხოლოდ მარტყოფსა და ისპაჰანშია.
„გუშინ ჩემს ისპაჰანის ქართულს სკოლაში, იმ ოთახში, სადაც მე უნდა ვასწავლო ქართული წერა–კითხვა, ოთახის კარი აღარ იხურებოდა და სწავლის დასრულებამდე ვერც დავხურეთ. ალბათ მიხვდით, ეს უბრალო მოვლენა რატომ არის მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულო. ქართველნო, ჩემო დებო და ძმებო, ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ვყოფილვარ ასეთი გახარებული. იცით, რატომ არ იხურებოდა კარი? ჩემს ქართული სკოლაში იმდენი მსურველი მოვიდა, რომ ნამდვილად, ნემსის ადგილიც აღარ იყო. დაუჯერებელი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი, კინაღამ სიხარულისგან ვიტირე. შაჰ-აბასის დედაქალაქში, სადაც ის გეგმავდა ქართველთა გადაშენებას, ქართული ენის სწავლის მიზნით ამდენი ხალხი მოვიდა. 200 კილომეტრი გზის გავლის შემდეგ დაღლილობა უცებ გაქრა, 2 საათი გაგრძელდა ეს გაკვეთილი, ისე მიხაროდა, რომ არ გავეჩერებინე, დილამდე ვასწავლიდი. ღმერთო, უზომოდ მადლობელი ვარ, რომ ეს დღე მანახე და რომ ბედნიერი ვარ, უამრავი ხელოვნური და ბუნებრივი პრობლემის მიუხედავად, ვემსახურო ჩემს ქართველობას!
საიდ მულიანი[2]
რამდენიმე წლის განმავლობაში საზაფხულო სკოლაში 300–მდე კაცმა ისწავლა ქართული. გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი. იგი ავტორია ნაშრომისა „ქართველთა როლი ირანის ისტორიაში, კულტურასა და ცივილიზაციაში”, რომელიც ისპაჰანის უნივერსიტეტში წლის წიგნად აღიარეს. საიდი საქართველოში წელიწადში 4–5 ჯერ ჩამოდის. ცდილობს, 26 მაისს ყოველთვის აქ იყოს. საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვევით ქართულს ასწავლის ირანელებს, მათ შორის - ფერეიდნელებსაც. თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან. რეგულარულად გამოდის კონფერენციებზე, ეწევა სამეცნიერო მუშაობას. 2011 წელს გახდა სატელევიზიო გადაცემა „იმედის გმირის” ერთ–ერთი გამარჯვებული. წერს ლექსებს ქართულად. ჰყავს მეუღლე ირინე და შვილი ტარიელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მულიანი, საიდ. "აქ ჯერ ქართველს ქართველი არ მოუკლავს" : ინტერვიუ / საიდ მულიანი ; ესაუბრა ეკა აბაშიძე // კვირის პალიტრა. - 2013. - 16 - 22 დეკემბერი. - N51 (1011). - გვ.15
- იმედის გმირი საიდ მულიანი // კალამი. - თბილისი, 2012. - N11. - გვ.44. - ტექსტი ქართ. და სპარს. ენ.
- მულიანი, საიდ. "ჩემი საქართველო სამოთხედ წარმომედგინა" : "400 წლის მერეც ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ" : ინტერვიუ / საიდ (გიორგი) მულიანი ; ესაუბრა იზო რიკაძე // კვირის პალიტრა. - 2011. - 12 - 18 სექტემბერი. - N37(893). - გვ.19
- ჩეკურაშვილი, ბელა. მასწავლებელი ფერეიდანში / ბელა ჩეკურაშვილი // მასწავლებელი. - თბილისი, 2009. - N2. - გვ.55-56