საზღვაო ბლოკადა — საომარი ღონისძიებანი მოწინააღმდეგის კონტროლ ქვეშ მყოფი ზღვისპირა ტერიტორიის მოსაწყვეტად საზღვაო კომუნიკაციებისგან. მისი მიზანია აღკვეთოს მოწინააღმდეგის საზღვაო ვაჭრობა ნეიტრალურ სახელმწიფოთან. საზღვაო ბლოკადის გამომცხადებელ სახელოფოს უფლება აქვს ხელთ იგდოს საზღვაო ბლოკადის დამრღვევი ნეიტრალური გემი და მისი ტვირთი, როგორც სამხედრო ნადავლი (იხ. პრიზის სამართალი). თანახმად ლონდონის დეკლარაციისა (1909), საზღვაო ბლოკადა უნდა გამოცხადდეს და დიპლომატიური გზით ეცნობოს ნეიტრალურ სახელმწიფოებს; ამასთან უნდა აღნიშნოს საზღვაო ბლოკადის დაწყების თარიღი, ბლოკირებული ტერიტორიის ფარგლები და ვადა, რომელიც ეძლევა ნეიტრალურ გემებს ამ ტერიტორიიდან გასასვლელად. წარსულში კანონიერად ითვლებოდა ე. წ. მშვიდობიანი საზღვაო ბლოკადა, რომელსაც იყენებდნენ არასამხედრო კონფლიქტის დროს. მისი დარღვევა იწვევდა დამრღვევი გემის დროებით დაკავებას. ამჟამად იძულების ასეთი ღონისძიება შეიარაღებული აგრესიის აქტად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას გაეროს უშიშროების საბჭო მიმართავს აგრესიის საფრთხის აღსაკვეთად. დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკაში ხშირი იყო საზღვაო ბლოკადის გამოყენება სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ (მაგ., 1962 წელს აშშ-ის ცდა დაეკავებინა კუბაზე მიმავალი გემები, რომლებზეც, მათივე ცნობით, შეტევითი ხასიათის იარაღი იყო; აშშ-ის მე-7 ფლოტის პატრულირება ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის სანაპიროსთან და სხვ.).

ლიტერატურა

რედაქტირება