საბჭოების ყრილობა
საბჭოების ყრილობა — საბჭოთა სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი და ცენტრალური ორგანო 1917-1936 წლებში.
საბჭოთა ყრილობების სისტემა მოიცავდა რაიონულ (სამაზრო), საოლქო (საგუბერნიო), სამხარეო, რესპუბლიკური (ავტონომიური და მოკავშირე რესპუბლიკების) და საბჭოების სრულიად საკავშირო ყრილობას. საბჭოების ყრილობის შემადგენლობა მრავალსაფეხურიანი არჩევნების გზით, ღია კენჭისყრით ყალიბდებოდა. პირდაპირი არჩევნები ეხებოდა მხოლოდ საქალაქო და სასოფლო საბჭოების დეპუტატთა არჩევას. რაიონული (სამაზრო) საბჭოების ყრილობა ამ რაიონის (მაზრის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო და საქალაქო საბჭოების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. საოლქო, საგუბერნიო, რესპუბლიკური და სრულიად საკავშირო საბჭოების ყრილობა ქვემდგომი საბჭოების ყრილობების წარმომადგენელთაგან ყალიბდებოდა, კერძოდ, საოლქო (საგუბერნიო), სამხარეო, ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოების ყრილობა შედგებოდა რაიონული საბჭოების ყრილობებზე არჩეული დელეგატებისაგან, მოკავშირე რესპუბლიკის საბჭოების ყრილობა კი — საოლქო (საგუბერნიო), სამხარეო საბჭოების ყრილობების წარმომადგენლებისაგან (იმ რესპუბლიკაში, სადაც არ იყო საოლქო, საგუბერნიო დაყოფა — რაიონული საბჭოების ყრილობის წარმომადგენელტაგან). საბჭოების ყრილობა განიხილავდა და წყვეტდა სახელმწიფო, სამეურნეო და კულტურული მშენებლობის საკითხებს. სსრკ-ის 1936 წლის კონსტიტუციის თანახმად საბჭოების ყრილობის ნაცვლად დამყარდა უშუალოდ მოსახლეობის მიერ არჩეული მშრომელთა დეპუტატების საბჭოების ერთიანი სისტემა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 572.