რქაწითელი წითელი, წითელი რქაწითელი, შავი რქაწითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

რქაწითელი წითელმარცვლიანის ვარიაციაა. გაშენებული იყო მხოლოდ საცდელ ნაკვეთებში.

რქაწითელის თეთრმარცვლიანი ფორმიდან ძირითადად მარცვლების მუქი-ლურჯი შეფერილობითა და ფოთლების უფრო ღრმა დანაკვთვით გამოირჩევა, ხოლო ვარდისფერი რქაწითელისგან მარცვლებისა და ღვინის შეფერვით.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ფორმის, ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხასიათდება ძალიან სუსტი აბლა-ბუდისებრი და სუსტი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე პატარა ზომისაა, ოდნავ ოვალური ფორმის. კანი საშუალო სისქის და საშუალო სიმკვრივისაა, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი საშუალო სიმ-კვრივისაა, ხორციანი და ნაკლებ წვნიანი, სასიამოვნო გემოთი. წვენი შეუფერავია.

რქაწითელი წითელი საშუალო ზრდა-განვითარებისა და საშუალოზე მცირემოსვლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 154-157 დღეა. ყურძენი სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 132-213 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6-7 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 24.1-25%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.7 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. რქაწითელი წითელის ღვინო გაცილებით უფრო ინტენსიურად შეფერილი და მუქი ბროწეულისფერია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 318