რუსეთუმე
რუსეთუმე — რუსეთში ნამყოფი ან ნასწავლი პიროვნების, უფრო ხშირად კი გარუსებისკენ მიდრეკილი პიროვნების სახელწოდება, რომელიც წარმოიშვა XIX საუკუნის 50-60-იანი წლების საქართველოში.
სიტყვა „რუსეთუმე“ პირველად ჩნდება გიორგი ერისთავის პიესა „გაყრაში“ (1850), რომელშიც ერთ-ერთი პერსონაჟი — სომეხი ვაჭარი მიკირტუმ ტრდატოვი — რუსეთში განათლებამიღებულ თავად ივანე დიდებულიძეს ასე ახასიათებს: „ერთი ძმაც ჰყავს რუსეთუმე, ტანცი მანცი, ლავ ხაღუმე“. თავდაპირველად „რუსეთუმე“ ზოგადად რუსეთში ნასწავლი პიროვნების მიმართ გამოიყენებოდა და, ერთგვარად, თერგდალეულის სინონიმიც იყო („რუსეთუმეებმა დაამშვენეს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება“ — ილია ჭავჭავაძე, „შინაური მიმოხილვა“, 1883), თუმცა უფრო გავრცელდა, როგორც გარუსებისკენ მიდრეკილი ქართველის ირონიული სახელწოდება („აქ რუსეთუმე მეტად გახურდა“ — აკაკი წერეთელი, პოემა „რუსეთუმე“, 1861). ამრიგად, „რუსეთუმე“, „თერგდალეულისგან“ განსხვავებით, მიუხედავად მისი განათლებისა, საკუთარი ქვეყნისთვის სასარგებლოს ვერაფერს ქმნიდა და ნიჰილისტურად იყო განწყობილი ყოველივე ეროვნულის მიმართ.[1][2]
XXI საუკუნის დასაწყისში სიტყვა „რუსეთუმე“ დამკვიდრდა როგორც რუსული კულტურული ანდა პოლიტიკური ორიენტაციის მქონე, რუსეთის მხარდამჭერი პიროვნების დამამცირებელი სახელწოდება. ის გვხვდება როგორც ინტერნეტ-სივრცესა და ელექტრონულ მედიაში, ასევე პოლიტიკოსების და სხვა საჯარო პირების გამოსვლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- კობაიძე მ., ბერიძე მ. ქართული ენის მორფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონი, თბ., 1988. — გვ. 393.
- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 2., თბ., 1990.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ლომია მ., „რუსეთუმე“ ფორმის სეგმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის XV საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია, თეზისები, ივლისი 5-6, 2021. — გვ. 123-125.
- ↑ სადღობელაშვილი ნ., რუსეთუმე VS თერგდალეული დაარქივებული 2023-09-30 საიტზე Wayback Machine. , ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge. 19 ივლისი, 2022.