რუისელები (ლათ. Trichoptera), წყლის იმ მწერების რიგი, რომელთაც სრული გარდაქმნა ახასიათებთ. ზრდასრული რუისელები გარეგნულად ჩრჩილს წააგავენ მათი ყავისფერი ან მოყვითალო-მურა სხეული და ფრთები დაფარულია ბეწვით. ზრდასრული რუისელები დიდხანს არ ცოცხლობენ. მათი სხეულის სიგრძე 1,5-25 მმ, ფრთების შლილი — 5-70 მმ აღწევს. ცნობილია რუისელების 5500 სახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება დაახლოებით 95-მდე სახეობა. რუისელების მატლის სხეულის სიგრძეა 2-60 მმ, ცილინდრული ფორმა აქვს. ცხოვრობს 1-იდან 3 წლამდე. კანს იცვლის 4-6-ჯერ. რუისელების ზოგი მატლი მტაცებელია, ზოგი კი მცენარეებით იკვებება. რუისელები ბენთოფაგი თევზების ერთ-ერთი ძირითადი საკვებია. ყველა რუისელების მატლი დაჭუპრების წინ თავისთვის აგებს „სახლს“, რომელსაც ნასვრეტები აქვს წყლის საცირკულაციოდ. ჭუპრი ზედა ყბების დახმარებით არღვევს სახურავს, ტოვებს „სახლს“ და დაცურავს. იმაგოს გამოფრენის წინ კი ამოდის წყლიდან. რუისელები ცხოვრობენ ტბებში, მდინარეებსა და წყაროებში.
- კაკაურიძე თ., ქსე, ტ. 8, გვ.468, თბ., 1984