რომან კონსტანტინეს ძე მკურნალი (დ. 1887 — გ. 1947) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პუბლიცისტი.

ცნობილი ქუთაისელი პედაგოგის, ბერძნული წარმოშობის კონსტანტინე (კოწია) მკურნალის (დ. 1856 — გ. 1918) შვილი. 1908 წელს დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი და მიიღო რუსეთის არმიის პოდპორუჩიკის წოდება. მსახურობდა მე-20 მსროლელთა პოლკში (სუვალკი, პოლონეთი), შემდეგ ხარკოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს ადიუტანტად. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენით (1915). 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის გენერალური შტაბის სადაზვერვო განყოფილებაში, პოდპოლკოვნიკი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ პოლიტიკური ემიგრანტი. ცხოვრობდა ბერლინში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1933 წელს მონაწილეობა მიიღო „ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაციის“ დაარსებაში. თანამშრომლობდა ქართველი ნაციონალისტების გაზეთ „კლდესთან“ (რედაქტორი — შალვა ქარუმიძე, 1934-1936). აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს (მ. შ. ფსევდონიმებით: ბს., ხ., კ., რ. მ., რ. მ-ლი და სხვ.). მათ შორის აღსანიშნავია 1934 წელს „კლდეში“ (№4-5) დაბეჭდილი „მიზეზნი ჩვენი დამარცხებისა“, რომელშიც 1918-1921 წლების საქართველოს სინამდვილის ფართო სურათია ასახული. გარდაიცვალა იტალიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება