როიალტი (ინგლ. royalty) — საავტორო უფლების, კომერციულად სასარგებლო გამოგონების (პატენტის), წიაღისეულით სარგებლობის ან სავაჭრო ნიშნის (მათ შორის, ფრენშაიზინგის) გამოყენების უფლების შესაძენად გადახდილი საზღაური.

როიალტის დაანგარიშების ფორმებია:[1]

  • წმინდა გაყიდვებზე დაფუძნებული როიალტი (a royalty payment based on net sales) — ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ბიზნესის ტერმინოლოგიით, ეს არის პროდუქტის ღირებულებას გამოკლებული პირდაპირი ხარჯები. როგორც წესი, წმინდა გაყიდვებზე დაფუძნებული როიალტი გამოიხატება პროცენტებში (მაგ., ნეტო ან ბრუტო მოგების 5 %). თუ ნაწარმოები (გამოგონება) წარმატებულია — ანუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხები აღემატება მისი წარმოება-რეალიზაციის ხარჯებს, ავტორი (გამომგონებელი) მთელი თავისი თუ ნაწარმოების (გამოგონების) წარმოება-გაყიდვაში არსებობის განმავლობაში იღებს ანაზღაურებას, ხოლო თუ ნაწარმოები (გამოგონება) წარუმატებელია — როიალტიც არ გადაიხდება.
  • თითო ერთეულის როიალტი (per unit royalty) — ფიქსირებული თანხა თითო რეალიზებულ პროდუქტზე. მაგალითად, როდესაც პროდუქტის ფასი დაცემადია (რადგან მასზე მოთხოვნა მცირდება ან იზრდება მისი გაყიდვების მოცულობა ერთეულზე ფასის შემცირებით), ავტორისთვის (გამომგონებლისთვის) შეიძლება უმჯობესი იყოს როიალტის ეს მეთოდი (მაგ., თითო გაყიდული პროდუქტიდან 2 აშშ დოლარი), ვიდრე წმინდა გაყიდვებზე დაფუძნებული როიალტის მეთოდი (მაგ., მოგების 5 %), რაც მეორე მხრივ ნაკლებად აწყობს ლიცენზიანტს (ანუ მწარმოებელს).

შესაბამისად, ავტორს (გამომგონებელს) შეიძლება უფრო აწყობდეს „პროცენტული როიალტი“, ხოლო ლიცენზიანტს — „ფიქსირებული როიალტი“, ან პირიქით, ან ორივეს ერთი და იგივე აწყობდეს. ამ ორ ფორმას შორის არჩევანი მათი — ავტორისა (გამომგონებლისა) და ლიცენზიანტის გასაკეთებელია.

თუმცა არსებობს სხვა ფორმის როიალტებიც, რომლებიც შედარებით ნაკლებად გავრცელებულია, მაგალითად:

  • ცვლადგანაკვეთიანი როიალტი (fluctuating royalty rates), რომელსაც ზოგჯერ მცურავ როიალტს (sliding royalty) უწოდებენ — განაკვეთი, რომელიც იცვლება სალიცენზიო პერიოდში. განაკვეთი შეიძლება იცვლებოდეს პერიოდულად ან ვითარებების ცვლილებების (მაგ., გაყიდვები, ინფლაცია) მიხედვით. მაგალითად, როიალტის განაკვეთი შეიძლება იზრდებოდეს, თუ გაყიდვებმა წელიწადში მილიონ ერთეულს გადააჭარბა, ასევე შეიძლება მცირდებოდეს, თუ გაყიდვები რამე ნიშნულზე დაბლა ჩამოვა.
  • თითო გამოყენების როიალტი (per use royalty) მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც გამოგონება კი არ იყიდება, არამედ გამოიყენება. მაგალითად, შეიძლება დაპატენტდეს საწარმოო პროცესში გამოყენებადი მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა გზით, სხვადასხვა პროდუქტის წარმოებისთვის. ასეთ შემთხვევაში წმინდა გაყიდვებზე დაფუძნებული როიალტის დათვლა ძნელია და გამომგონებელს ურჩევნია, მიიღოს თითო გამოყენების როიალტი – მეთოდის წარმოებაში თითო გამოყენების შემთხვევაში.

როიალტი განსხვავდება ტერმინისგან „ჰონორარი“, რადგან არის უფრო ფართო მნიშვნელობის. კერძოდ, ჰონორარისგან განსხვავებით, რომელიც, როგორც წესი, ერთჯერადად გადაეხდება ავტორს ნაწარმოების გამოქვეყნებისა და გავრცელების უფლებების სანაცვლოდ, როიალტით ავტორი, გამომგონებელი, სასარგებლო წიაღისეულის თუ სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლების მქონე ხდება ამ ობიექტის შემდეგი კომერციალიზაციის ბრუნვის მონაწილე და მის მოცულობაზე დამოკიდებული. შესაბამისად, როიალტი ანაზღაურების კომერციულად უფრო განვითარებული ფორმაა და მოიცავს უფრო მეტი სახის ურთიერთობებსაც, ვიდრე მხოლოდ საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.

როიალტის ერთ-ერთ ფორმად შეიძლება განვიხილოთ ერთჯერადი გადახდა (lump sum payment). კერძოდ, ავტორი (გამომგონებელი) და ლიცენზიანტი (მწარმოებელი) შეიძლება შეთანხმდნენ, რომ მწარმოებელი ერთჯერად გადაიხდის (მაგ., 100.000 აშშ დოლარს) და მიიღებს სამუდამო ან შეთანხმებულ გრძელვადიან ლიცენზიას. ერთჯერად გადახდაზე შეთანხმებაც გასააზრებელია ორმხრივად: შეიძლება მწარმოებელმა წააგოს, თუ გამოგონება წარუმატებელი აღმოჩნდა — ამიტომ მან გონივრულად უნდა გათვალოს პოტენციური გაყიდვები, ან შეიძლება ავტორმა (გამომგონებელმა) წააგოს, თუ ნაწარმოები (გამოგონება) ზეწარმატებული აღმოჩნდა. ავტორი (გამომგონებელი) ერთჯერად გადახდას, როგორც წესი, შემდეგი ორი მიზეზის გამო ირჩევს: არ სურს მწარმოებლის გაყიდვების აღრიცხვა-აუდიტის კეთება ან არ სურთ საკურსო ცვლილებები გარისკონ ლიცენზიის საზღვარგარეთ და, როგორც წესი, ამ სახელმწიფოს ვალუტაში გაყიდვის შემთხვევაში. ერთჯერადი გადახდის შემთხვევაში შემძენზე (ლიცენზიანტზე, მწარმოებელზე) მთლიანად გადადის ნაწარმოებზე (გამოგონებაზე) ქონებრივი უფლებები, ან უფლებების ეს გადაცემა შემოიფარგლება შეთანხმებული ვადით ან/და ტერიტორიით, ანუ ერთჯერადი გადახდის ფორმით უფლების შემძენი ხდება ამ უფლებაზე ექსკლუზიური ქონებრივი უფლებების მქონე ქვეყანაში (რეგიონში), მათ შორის, საკუთარი ბიზნესშეხედულებისამებრ, პროდუქტის წარმოების (რეპროდუცირების) და რეალიზაციის (გავრცელების) უფლებების ჩათვლით.

როიალტის სტანდარტული ნიხრები ცალ-ცალკე არსებობს სასარგებლო წიაღისეულთან, პატენტთან, სავაჭრო ნიშანთან (მათ შორის, ცალკე ფრენშაიზინგთან), საავტორო უფლებებთან (მათ შორის, ცალკე წიგნის გამოცემასთან, მუსიკის ნაწარმოებთან, შესრულებასთან, სამხატვრო ნაწარმოებთან, მასობრივი წარმოების თუ შეკვეთით დამზადებულ კომპიუტერულ საოპერაციო პროგრამებთან და ინტერნეტ აპლიკაციებთან და ა.შ. დაკავშირებით. ცხადია, როილატის ნიხრები განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში და ბევრ ფაქტორს ეფუძნება. ასევე, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება სტანდარტული ნიხრებისგან განსხვავებულის შეთანხმებაც. მთლიანობაში, როილატი ინდივიდუალურად, მრავალი კრიტერიუმით დასათვლელი და შესათანხმებელია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. When is a Lump Sum Payment Better Than A Royalty?. intellectualpropertylawfirms.com. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი, 2020.