როზა ფონ როსთჰორნ-ფრიდმანი
როზა ფონ როსთჰორნ-ფრიდმანი ( გერმ. Rose von Rosthorn-Friedmann ; დ. 12 თებერვალი 1864, პრევალიე — გ. 13 იანვარი 1919, ბადენი, ქვემო ავსტრია) — ავსტრიელი დიდგვაროვანი მთამსვლელი. ცნობილი გახდა გუსტავ კლიმტის მიერ შესრულებული პორტრეტით.
როზა ფონ როსთჰორნ-ფრიდმანი | |
---|---|
გუსტავ კლიმტის მიერ შესრულებული პორტრეტი 1901 | |
მშობლიური სახელი | გერმ. Rose von Rosthorn-Friedmann |
დაბადების თარიღი |
12 თებერვალი 1864 პრაველიე, სლოვენია |
გარდაცვალების თარიღი |
13 იანვარი 1919 (54 წლის) ბადენი, ქვემო ავსტრია, ავსტრია |
მოქალაქეობა | ავსტრიის იმპერია |
საქმიანობა | მთამსვლელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაროზა ფონ როსთჰორნი დაიბადა მეწარმე ადოლფ როსთჰორნისა და მისი მეუღლის როზალი ფიშერის ოჯახში. მამის მხრიდან მიეკუთვნებოდა როსთჰორნების მეწარმეთა დინასტიას. მისი ახლო ნათესავი იყო ექიმი ალფონს ფონ როსთჰორნი. [1] 1881 წელს როზა ფონ როსთჰორნი გახდა პირველი ქალი, რომელმაც შეძლო ბავარიის 1800 მეტრის სიმაღლის ვაცმანის მთის დაპყრობა აღმოსავლეთი ფერდობიდან, ხოლო 1888 წელს ავიდა ტურვისერის მწვერვალზე. [2]
როზა როსთჰორნის პირველი მეუღლე იყო ავსტრიის რკინიგზის იურიდიული მრჩეველი და შემდგომში უკვე ჩრდილოეთ რკინიგზის დირექტორი ბრუნო ვაგნერ ფონ ფრეინშაიმი. ქორწინებაში წყვილს შეეძინა ქალიშვილი დორა. 1886 წელს როზა ცოლად გაჰყვა ავსტრიელ მრეწვეელს, მთამსვლელს, მოციგურავეს და მოფარიკავეს ლუი ფილიპ ფრიდმანს (1861–1939) და ამ ქორწინებიდან როზას შეეძინა ქალიშვილი მარია ალექსანდრინა. ფრიდმანის წყვილი ტრიალებდა ვენის ინტელექტუალურ საზოგადოებაში. მწერალი ჰუგო ფონ ჰოფმანსტალი აღფრთოვანებული იყო არა მხოლოდ როზას სილამაზით, არამედ მისი ინტელექტითა და ძლიერი პიროვნული თვისებებით, ხოლო არტურ შნიცლერმა დატოვა მოგონებები დიდებული სპორტსმენის ლუი ფრიდმანის შესახებ.
გუსტავ კლიმტმა უკვდავყო როზა ფონ როსთჰორნ-ფრიდმანი თავის ცნობილ პორტრეტში, რომელიც 1983 წლამდე ოჯახის საკუთრებაში რჩებოდა, ხოლო შემდეგ გაიყიდა სოტბის აუქციონზე 1987 წელს. იგი შეიძინა გამომცემელმა ჰანს დიჰანდმა. როზა ფონ როსთჰორნი პორტრეტზე გამოსახულია შავი ფერის საღამოს კაბაში. იგი მსუბუქად ეყრდნობა რბილი წითელი სკამის საზურგეს. მის კისერს ამშვენებს მსხვილი მარგალიტის ყელსაბამი, ხოლო მაჯას — რამდენიმე ოქროს სამაჯური. ფერმკრთალი სახის კანი, დეკოლტე და შიშველი ხელები მუქ ფონზე გამოირჩევა, ხოლო მუქი ფერის თმა და მოცულობითი ვარცხნილობა თითქმის შერწყმულია ფონთან. [3] როგორი ურთიერთობა აკავშირებდა როზა ფონ როსთჰორნ-ფრიდმანს მხატვართან, დანამდვილებით უცნობია, მაგრამ ალმა შინდლერმა, რომლისთვისაც კლიმტი პირველი სიყვარული იყო, საკუთარ დღიურში ეჭვით აღნიშნა, რომ მხატვარმა დაიწყო ურთიერთობა "მოხუც ქალთან"— როზა ფრიდმანთან. როზა ფონ როსთჰორნ-ფრიდმანი ასევე ფიგურირებს კლიმტის სხვა ნახატში სერიიდან წყლის ნიმფების შესახებ — „ვერცხლის თევზები,“ რომელიც თარიღდება როგორც 1899, ასევე 1901-1903 წლებით. [3] პირველი მსოფლიო ომის დროს როზა ფონ როსთჰორნ-ფრიდმანი მედდად მსახურობდა ვენის ლაზარეთში, სადაც დაავადდა ტიფური ცხელებაით და გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Gustav Klimt, Toni Stooss, Christoph Doswald: Gustav Klimt, 1992, Seite 118
- Louis Friedmann: Die Ortlergruppe. In: Die Erschließung der Ostalpen. Band 2, Deutscher und Österreichischer Alpenverein [1]
- Harry Muré: Jeanne Immink Die Frau, die in die Wolken stieg. Tyrolia, Innsbruck 2010, ISBN 978-3-7022-3075-3