რაჭული შავი
რაჭული შავი, ადგილობრივი შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.
დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. შერეული სახითაა შემორჩენილი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო და საშუალოზე დიდია, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, მოკლე კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, იშვიათად თხელი. მარცვალი მცირე, იშვიათად საშუალო ზომისაა, მრგვალი და შებრტყელებული, მუქი-ლურჯი, თითქმის შავი. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, კნატუნა, ტკბილი გემოთი. წვენი შეუფერავია, წიპწები გარსშია მოქცეული.
რაჭული შავი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 150-160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 150-160 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა კი 4.0-6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5-20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5 გ/ლ-ს.
რაჭული შავი გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 307-308