ჟალეთის წმინდა გიორგის ეკლესია
ჟალეთის წმინდა გიორგის ეკლესია — სამონასტრო კომპლექსი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ჩრდილოეთით 6,5 კმ-ზე, ნასოფლარ ჭიოტაანთკარის ზემოთ ჟალეთის მთის თხემზე. კომპლექსში შედის წმინდა გიორგის ეკლესია, კოშკი, სწორკუთხა ნაგებობის ნაშთი, გალავანი, ნამოსახლარი და სამაროვანი. 1963-1964 წლებში ძეგლი გათხარა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი დ. მუსხელიშვილი).
ეკლესია დარბაზულია (6,6X5,9 მ), განეკუთვნება VIII-IX საუკუნეების მიჯნას. მის დასავლეთის კედელზე შემონახულია მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტი. ეკლესიის ეზოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დგას გეგმით თითქმის კვადრატული (4,4X4,9 მ) კოშკი, რომლის სამხრეთ-დასავლეთი კედელი გალავანშია ჩართული. გალავანი ოვალური ფორმისაა და ნაგებია ნატეხი ქვით. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.
კომპლექსის ტერიტორიაზე გათხრილია XI-XIV საუკუნეების 14 სამარხი, სამარხები ოთხი ტიპისაა, დაკრძალვის წესი კი ქრისტიანულია. გათხრების დროს აღმოჩენილი მასალები ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
სამონასტრო კომპლექსს 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[1].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაქრაძე, ბ. ჯორბენაძე, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 413-415.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-30. ციტირების თარიღი: 2023-05-12.