ჟალეთის ბაზილიკა — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში, ნასოფლარ საყარაულოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 2 კილომეტრზე, ხშირი ტყით დაფარულ პატარა მთის ფერდობზე. განეკუთვნება IX საუკუნის დასასრულსა და X საუკუნის დასაწყისს. ძეგლი სამნავიანი ბაზილიკაა, რომელსაც სამხრეთით და დასავლეთით, ფასადების მთელ სიგრძეზე, ერთიანი ვიწრო გარშემოსასვლელი აქვს მიშენებული. შენობა ნაგებია საგანგებოდ შერჩეული თანაბარი ზომის რიყისა და ნატეხი ქვის სწორხაზოვანი რიგებით. გარეთა კუთხეები, კარ-სარკმლების ღიობები და ცალკეული კონსტრასტული ელემენტები (ბურჯები, საბჯენი თაღები, იმპოსტები) სუფთად დამუშავებული შირიმითაა ნაწყობი. კედლებში მათი აგების დროს სიმაგრისათვის მთელ სიგრძეზე დაუტანებიათ ხის ძვლები.

ეკლესია ძლიერაა დაზიანებული (ამჟამად კონსერვირებულია): მისგან მთელ სიმაღლეზე მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილი შემორჩა; ჩამოშლილია მთავარი და გვერდითი ნავების კამაროვანი გადახურვა, საბჯენი და ნავების გამყოფი თაღები, გრძივი კედლებისა და დასავლეთ კედლის ზედა ნაწილები: თითქმის მთლიანადაა დანგრეული გარშემოსასვლელის ორივე ნაწილი. 1961-1962 წლებში ძეგლის შესწავლისა და აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით გაიწმინდა ტაძრის მთელი ტერიტორია (სამუშოების ხელმძღვანელი და კონსერვაციის პროექტის ავტორი ნ. ქადეიშვილი) და გამოვლინდა მრავალი არქიტექტურული და კონსტრასტული დეტალი. თვით ტაძარში, აღმოსავლეთის ბურჯებს შორის, აღმოჩნდა შირიმითა და რიყის ქვით ნაგები ექვსწახნაგა ფორმის ნაგებობა, რომელიც საკურთხევლისწინა ჯვრის პოსტამენტს წარმოადგენდა. იგი მთლიანად შელესილია და ექვსივე წიბოს, მთელ სიმაღლეზე, შირიმით ნაწყობი ნახევარსვეტი ასდევს, აღმოსავლეთ და დასავლეთ წახნაგებზე კი ქვის საფეხურებია მიშენებული.

ლიტერატურა რედაქტირება