პორტო-ფრანკო ბათუმში

პორტო-ფრანკო ბათუმში გამოცხადდა ბრიტანელთა ინიციატივით და უბაჟო (თავისუფალი) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების აღნიშნული რეჟიმი ფუნქციონირებდა 1878-1886 წლებში. ხსენებული მაქსიმალურად ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის წყალობით, მაშინდელი რუსეთის იმპერიის ამ ნაკლებდასახლებული განაპირა პროვინციით დაინტერესდნენ ცნობილი ნავთობმრეწველი ინვესტორები - ლუდვიგ ნობელი, ალექსანდრე მანთაშევი, როთშილდების დინასტია და სხვ. მნიშვნელოვანწილად აღნიშნულის შედეგად, გაჩნდა მაშინდელ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბაქო-ბათუმის ნავთობსადენიც. ფრანკო რეჟიმის მოქმედების მცირე ინტერვალის მიუხედავად, ბათუმი სწრაფადმზარდი ევროპული ტიპის ქალაქად იქცა, თუმცა ახალ პირობებში მოქმედების გამოუცდელობის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ადგილობრივი მოსახლეობის გაღარიბების პროცესების შეჩერება და იმრავლა კორუფციამ და კონტრაბანდამ, რის შესახებაც გულისტკივილით წერდა გამოჩენილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე - ილია ჭავჭავაძე. 1920 წელს, ბრიტანელთა ინიციატივით ისევ დაიწყო ბათუმში ფრანკო რეჟიმის პროექტზე მუშაობა, რასაც, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად უჭერდა მხარს მაშინდელი ერთა ლიგა (ინგლ. League of Nations), მაგრამ 1921 წელს კომუნისტური ხელისუფლების მოსვლამ საქართველოში შეაჩერა აღნიშნული პროექტის რეალიზება. ბათუმის პორტო-ფრანკოს გამოცდილების გათვალისწინებით, თანამედროვე პირობებში თავისუფალი ზონალური პოლიტიკის ოპტიმალური გავრცელების მიზანშეწონილობას ასაბუთებს ქართველი ეკონომისტი - რევაზ ლორთქიფანიძე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლორთქიფანიძე რ, თავისუფალი ზონალური პოლიტიკით ეკონომიკის სტრუქტურის სრულყოფის თეორიული საფუძვლები. - თბ., საქართველო, 1997.
  • ლორთქიფანიძე რ. ეკონომიკური ზრდის ქრისტიანული, პოლიტიკური და თეორიული საფუძვლების შესახებ. - თბ., ქვაშვეთის ტაძარში კურთხევით, 2005.