პორტალი:მედიცინა/რჩეული სტატია
ბაქტერიოფაგები (ბერძნ. φάγος — შთანთქმა) — ვირუსები, რომლებიც შერჩევით ანადგურებენ ბაქტერიულ უჯრედებს. ფაგები ვირუსების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. დღეისათვის შესწავლილია 100-მდე ბაქტერიული გვარის მიმართ სპეციფიური 4000-მდე ბაქტერიოფაგის იზოლატი. მათგან ყველაზე სრულად შესწავლილია T4 ბაქტერიოფაგი (სურათზე). ხშირად ბაქტერიოფაგები ბაქტერიების შიგნით მრავლდება და მათ ლიზისს იწვევს.
ბაქტერიოფაგების უმრავლესობა მორფოლოგიურად ჰგავს სპერმატოზოიდს ან თავკომბალას. მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია კაფსიდი. ფაგის კაფსიდი ცილოვანი (პროტეინული) გარსითაა დაფარული და მის შიგნით მოთავსებულია გენეტიკური მასალა დნმ-ის ან რნმ-ის სახით. ფაგის კაფსიდი სიმეტრიული სტრუქტურაა და უმრავლეს შემთხვევაში მრავალწახნაგა იკოსაედრს წარმოადგენს. შესწავლილი ფაგების 95 % კუდისებრი სტრუქტურა აქვს, რომელიც აგებულია კუმშვადი ან არაკუმშვადი ცილებისაგან. კუდი ბოლოვდება ბაზალური მემბრანით, რომელზეც გამოზრდილია წვრილი ფიბრიები. ფიბრიები სამიზნე ბაქტერიული უჯრედის კედელზე მიმაგრების და ადჰეზიის ორგანოა. ფაგების დანარჩენი 5% სხვადასხვა ფორმისაა: ძაფისებრი, ლიმონის ფორმის ან პლეომორფული. პროტეინული გარსის გარდა ზოგიერთ სახეობას ლიპიდების შემცველი შალითა აქვს. ასეთი ფაგები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქლოროფორმისა და ლიპიდების დამშლელი სხვა აგენტებისადმი. (...სრულად)