პორტალი:იაპონია/ბიოგრაფია
აკუტაგავა რიუნოსკე (იაპ. 芥川 龍之介; დ. 1 მარტი, 1892, ტოკიო - გ. 24 ივლისი, 1927, იქვე), იაპონელი მწერალი, ახალი იაპონური ლიტერატურის კლასიკოსი. კომპოზიტორ იასუსი აკუტაგავას და დრამატურგ ხიროსი აკუტაგავას მამა. ყველაზე უკეთ ცნობილია თავისი მოთხრობებითა და ნოველებით. 1935 წელს იაპონიაში მისი სახელობის ლიტერატურული პრემია დაწესდა.
რიუნოსკემ აღიარება ღრმა ფსიქოლოგიზმისა და რაფინირებული სტილის მეოხებით მოიპოვა. ის სინამდვილისგან განდგომილი ხელოვანი იყო. ბევრი ნოველის სიუჟეტი მან შუა საუკუნის ლეგენდებიდან და ლიტერატურული ძეგლებიდან აიღო, რათა გამიჯვნოდა, მისი აზრით, უხამს, უგვანო რეალობას და მთელი ყურადღება აბსტრაქტული ადამიანის რთული, ხშირად არაბუნებრივი სულიერი პროცესების წარმოსახვაზე გადაეტანა ("უსიერ ტყეში", 1922; "ამბავი სიკეთის გადახდისა", 1922).
აკუტაგავა რიუნოსკეს ნაწარმოებებს ლირიზმით შეზავებული სკეფსისისა და პესიმიზმის დაღი აზის, რასაც ბურჟუაზიულ ყოფასთან მისი ეთიკური მოთხოვნების შეუთავსებლობა განაპირობებდა. აქედან მომდინარეობს მწერლის საგანგებო ინტერესი რელიგიის მიმართ ("ნანკინელი ქრისტე", "ო-გინი", "კბილანები", 1927) და მისი დაბეჯითებული ესთეტიზმი; ხელოვნებისა და ცხოვრების დაპირისპირებისას იგი უპირატესობას ყოველთვის ხელოვნებას ანიჭებდა ("ცხოვრება იდიოტისა", 1927; "წამებანი ჯოჯოხეთისა", 1918). (...სრულად)