რედ. რჩეული სტატია
მარცვლოვანნი.
მარცვლოვანნი.

მარცვლოვანნი (Poaceae ანუ Gramineae), ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. ერთწლოვანი, ორწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახები, იშვიათად ბუჩქისებრი ან ხისმაგვარი მცენარეებია. მარცვლოვანთა ღერო ჩალისებრია, უმეტესად ცილინდრული სწორმდგომი, წამოწეული ან გართხმული; დაყოფილია მუხლებად და მუხლთშორისებად, ჩვეულებრივ ღრუიანია (ქარის დროს მარცვლოვანთა წვრილი ღრუ ღერო იღუნება და არ იმტვრევა), იშვიათად ამოვსებულია ფაშარი ქსოვილით. მათი სიმაღლე 1 სმ-იდან ათეულ მეტრს აღწევს, ზოგიერთისა კი (ბამბუკის გახევებული ღერო) — 40 მ. ფოთლები ღეროს მუხლიდან გამოდის: როგორც წესი, შედგება ღერომხვევი ხალთის (ვაგინის), ვიწროხაზური ფირფიტისა და ქერქლისებრი ენაკისაგან, რომელიც ამოზრდილია ფირფიტისა და ხალთის საზღვარზე. ფესვები ფუნჯაა. პირველადი ფესვები ადრევე სცილდება. ზოგ მარცვლოვანს ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს, ზოგს — ღრმად ჩახრდილი ნიადაგში (1—1,5 მ და მეტი). მარცვლოვანთა ყვავილები პატარა, ორსქესინი, იშვიათად — ერთსქესიანი, შეკრებილია მარტივ ყვავილელებად — თავთუნებად, რომლებიც თავის მხრივ, თავმოყრილია რთულ ყვავილედებად (რთული თავთავი, საგველა, თავთავისებური საგველა, ცრუ თავთავი და სხვა).