პონტე-ვეკიო (იტალ. Ponte vecchio „ძველი ხიდი“) — შუა საუკუნეების დროინდელი ხიდი ქალაქ ფლორენციაში, მდინარე არნოზე. თავდაპირველად ხის ხიდი ამ ადგილას, გადმოცემის თანახმად, რომაელებს აუგიათ, რომელიც შემდგომში 1333 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა. 1345 წელს ხიდი ხელახლა ააგეს, ამჟამად ქვისა. ხიდის უმთავრესი დიზაინი ტადეო გადის ეკუთვნოდა. ხიდი შედგება სამი სეგმენტური თაღისგან, რომელთაგან ცენტრალური 30 მეტრის დიამეტრისაა, განაპირა ორი კი — 27 მეტრის.

პონტე-ვეკიოს ხიდი მდინარე არნოზე, ფლორენცია

ხიდი მთელი ისტორიის მანძილზე ვაჭართა და სოვდაგართა ნავთსაყუდელს წარმოადგენდა. მათი ეს დაინტერესება კი ლეგენდის თანახმად იმით აიხსნება, რომ ხიდზე ვაჭრობა იმ დროს გადასახადებისაგან გათავისუფლებული ყოფილა.

1565 წელს ჯორჯო ვაზარის კოზიმო I დე მედიჩის დაკვეთით ხიდზე „ვაზარის კორიდორად“ წოდებული შენობა დაუშენებია, რათა პალაცო ვეკიოდან პიტის სასახლემდე გზა არქიტექტურულ კონტექსტში ჩაწერილიყო. 1593 წელს ხიდის პრესტიჟის ასამაღლებლად კოზიმო მედიჩიმ ხიდზე ყასბებს ხორცის გაყიდვა აუკრძალა, რის შემდეგაც ხიდი ოქროთი მოვაჭრეებმა დაიკავეს.

ხიდზე ვაჭრებს დახლები ჰქონდათ გაშლილი, რომლებზეც მათი საქონელი ეწყო. თუ კი რომელიმე მოვაჭრე ვალებს ვერ იხდიდა, მას დახლს უმტვრევდნენ და საქონლის გაყიდვას უკრძალავდნენ, ლეგენდის თანახმად სწორედ ამ ფაქტმა წარმოშვა ტერმინი „ბანკროტი“, რაც იტალიურად „გატეხილ სკამს“ (banco rotto) ნიშნავს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: