პლატონ შუშანია
პლატონ გიორგის ძე შუშანია (დ. 17 ოქტომბერი, 1894, ქუთაისი — გ. 21 მარტი, 1971, თბილისი) — ქართველი მეან-გინეკოლოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, ხოლო 1924 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, 1917 წელს შევიდა პარტიის რიგებში და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი პარტიული თანამდებობები. 1928 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში სამეანო-გინეკოლოგიის კათედრაზე და მალე გაემგზავრა გერმანიაში, სადაც მუშაობდა გამოჩენილი მეცნიერის ო. შრედერის კლინიკაში. 1939 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად. აქვე განაგებდა სამეანო-გინეკოლოგიურ კლინიკას, რომელსაც სათავეში ედგა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე.
მომდევნო წლებში მეცნიერი პირველი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი იყო, სამამულო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა ევაკოჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებას. 1944 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს გინეკოლოგთა საზოგადოების ტავჯდომარეა, 1967 წელს აირჩიეს ქალის კიბოს წინააღმდეგ მებრძოლ სამედიცინო საზოგადოების მსოფლიო ასოციაციის ეროვნულ პრეზიდენტად, 1969 წელს კი სსრ კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს სამშობიარო დახმარების კომისიის საპატიო წევრად.
დაჯილდოვებული იყო ლენინის ორი ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 60.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 374, თბ., 1994