ღირსი პიამა ქალწული - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 3 მარტი, ახალი სტილით - 16 მარტი. ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად მოღვაწეობდა. იგი საკუთარ სახლში დაყუდებულივით ცხოვრობდა, არავის ნახულობდა, საზრდელს დღეგამოშვებით იღებდა და მთელ დროს ლოცვასა და შრომაში ატარებდა. უფალმა წმინდანს წინასწარხილვის ნიჭი მიმადლა. ერთხელ მეზობელი სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს წმიდა პიამას სოფლელების ამოწყვეტა, რათა ნილოსის მოქცევისას მხოლოდ თავიანთი მინდვრები მოერწყათ. ეს უფლისაგან ეუწყა წმიდა ქალწულს და თავისი სოფლის უხუცესებს შეატყობინა. შეშინებული უხუცესები ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდანს და სთხოვეს, წასულიყო მეზობელ სოფელში და გონს მოეყვანა მისი მცხოვრებლები. ქალწულმა ამაზე უარი განაცხადა - ადამიანებთან კავშირი ხომ მას დიდი ხნის გაწყვეტილი ჰქონდა. ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღსავსემ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. დილით, როდესაც ბოროტისაგან გონდაბინდული, შეიარაღებული მეზობელი სოფლელები წმიდა ქალწულის სოფელს მოადგნენ, მოულოდნელად შედგნენ და ადგილიდან ფეხი ვერ მოიცვალეს. უფლის გამოცხადებით მათ შეიტყვეს, რომ ხელ-ფეხს წმიდა პიამას ლოცვა უბორკავდათ, გონს მოეგნენ და ბოროტი განზრახვა შეინანეს, შემდეგ წმიდა ქალწულის სოფელში ხალხი გაგზავნეს და შენდობა ითხოვეს.

წმიდა პიამა მშვიდობით აღესრულა 337 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 230