პეტრე ხვედელიძე
პეტრე ხვედელიძე (დ. 25 ივნისი, 1918, — გ. 27 მარტი, 2014) — ქართველი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე და სამხედრო პირი. ფსევდონიმი — კიკა ჭალელი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაპეტრე ხვედელიძე 1918 წლის 25 ივნისს დაიბადა თბილისში, რკინიგზის მუშის ოჯახში, სადაც ხუთი ბავშვი იზრდებოდა: მიხეილი, თევდორე, კონსტანტინე, ქეთევანი და პეტრე. დედა ღვთისმოსავი ქალი ყოფილა, სწორედ მან დაარქვა ყველა შვილს წმინდანის სახელი. მამა არაპროფესიონალი, მაგრამ ძალიან კარგი მოჭიდავე იყო. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ძმებს სპორტში გარკვეული წარმატებები ჰქონდათ.
1937 წელს პეტრემ თბილისის მე-10 საჯარო სკოლა დაამთავრა. ამავე წელს დააპატიმრეს მისი უფროსი ძმა, რომელიც სამხედრო პირი იყო. ამის გამო პეტრემ ვერ გააგრძელა სწავლა თბილისში და სტალინგრადში წავიდა, სადაც მისი მეორე ძმა ინჟინრად მუშაობდა. აქ ის ისმენდა ლექციების კურსს თავისუფალი მსმენელის სტატუსით. 1939 წელს სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, მაგრამ სამ თვეში უკან დაბრუნდა, რადგან ჯარში გაწვევის უწყება მიიღო. ამავე წლის 6 ნოემბერს დაიწყო არმიაში სამსახური. 1940 წელს ჩაირიცხა პოლკის ასეულის სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგაც მიიღო ლეიტენანტის წოდება. 1941 წლის 22 ივნისს, სამამულო ომის დაწყების დღეს მისი სამხედრო ნაწილი ბესარაბიაში იდგა. მებრძოლები სამი კვირა მიდიოდნენ აღმოსავლეთისკენ, რათა როგორმე სამშვიდობოს გაეღწიათ. დიდი მცდელობის მიუხედავად, წითელარმიელებმა ალყის გარღვევა ვერ მოახერხეს და მრავალი მათგანი ტყვედ ჩავარდა, მათ შორის პეტრე ხვედელიძეც. 12 ივლისიდან 9 თვე გერმანელთა ტყვეობაში გაატარა. ომში ნანახმა ბევრ რამეზე აუხილა თვალი და კიდევ უფრო გაუმძაფრა შეურიგებლობის გრძნობა საბჭოთა რეჟიმის მიმართ.
ტყვეობის შემდეგ პეტრე ხვედელიძეს სამშობლოში დაბრუნება აღარ უფიქრია. 1942 წლის გაზაფხულზე იგი აიყვანეს ბრანდერბურგის სასწავლო პოლკში მოხალისედ, ამავე წლის აგვისტოში, საბრძოლო ოპერაციის დროს დაიჭრა. 1944 წელს გერმანული ჯარის ნაწილიდან გადაიყვანეს ქართულ ლეგიონში, რომელიც იმავე წლის გაზაფხულზე გაგზავნეს სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ კასტრში. აგვისტოს თვეში ლეგიონი შარლ დე გოლის ნაწილებს შეუერთდა. 1944-1948 წლებში საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონმა ჩრდილოეთ აფრიკაში გადაინაცვლა. 1948 წელს ლეგიონი მონაწილეობს ვიეტნამის ომში, საიდანაც მძიმედ დაჭრილ პეტრე ხვედელიძეს უკან აბრუნებენ. ოპერაციისა და თითქმის სამწლიანი მკურნალობის შემდეგ პეტრე ხვედელიძე 1951 წელს როგორც ინვალიდი გაათავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან.
უცხოელთა ლეგიონში შვიდწლიანი მსახურობის პერიოდში პეტრე ხვედელიძეს მიღებული ჰქონდა მედალი და ჯილდოები. ლეგიონი სერჟანტის ჩინით დატოვა და ნაწილობრივი პენსია დაენიშნა.
სამხედრო კარიერის შეწყვეტის შემდეგ, 1951 წელს პეტრე ხვედელიძეს, როგორც ომის ვეტერანს, სპეციალობის მისაღებად გზავნიან რადიო–ტელევიზიის საქმის შესასწავლად, 1955 წელს იგი ამთავრებს ელექტრონიკის ტექნიკურ სასწავლებელს და ერთი წელი მსახურობს რადიოაპარატურის დამამზადებელ ფრანგულ კომპანიაში. 1956 წელს, 38 წლის ასაკში, პეტრე ხვედელიძემ მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა საფრანგეთი. დაიწყო მისი მეორე ემიგრაცია, ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ამერიკაში ათი წლის მანძილზე ცხოვრობდა ნიუ–იორკში, სადაც დაამთავრა ამერიკის რადიოკორპორაციის ტექნიკური სასწავლებელი. 11 წელი და 6 თვე იმსახურა როგორც ტექნიკოსმა. მუშაობის პარალელურად, დამატებითი განათლების მისაღებად საღამოს სხვადასხვა სკოლაში სწავლობდა. ორი წელი კი „Queens College“-ში ისწავლა. 1958 წელს აირჩიეს შშშ ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრად, შემდეგ კი მდივნად. 1963 წელს მიიღო ამერიკის მოქალაქეობა.
სამწუხაროდ რამდენიმე წლის შემდეგ შტატებში ეკონომიკური კრიზისის გამო, პეტრე ხვედელიძემ თავისი სპეციალობით სამუშაო დაკარგა, ქართული სათვისტომოს მდივნობის ვადაც ამოეწურა და უმუშევარი დარჩა. ასეთ ვითარებაში, მეგობრების რჩევით, „ამერიკის ხმის" კორესპონდენტის ვაკანსიაზე შეიტანა განაცხადი და გაუმართლა. 1967 წლის 1 მაისიდან მიიწვიეს „ამერიკის ხმის" ქართულ განყოფილებაში. მისი გადაცემის ერთადერთი დევიზი იყო სიმართლე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ობიექტური ანალიზი. რედაქციაში მუშაობისას მიღებული აქვს სიგელები და მადლობები.
1985 წლის ივნისის თვიდან პეტრე ხვედელიძე პენსიაზე გავიდა, უხუცესი ქართველი ემიგრანტი ვაშინგტონში ცხოვრობდა და მემუარებს წერდა. ხანგრძლივი ემიგრანტული ცხოვრების მანძილზე იგი რუდუნებით ინახავდა ყველა წერილსა და დოკუმენტს, ყველა მოგონებას, რომლებზეც საქართველოში მწირი ინფორმაცია იყო. პეტრე ხვედელიძისადმი მიწერილი წერილებიდან მთელი საქართველოსა და ემიგრირებული ქართველების რეალური სურათის დანახვა შეიძლება. მდიდარი პირადი არქივისა და ბიბლიოთეკის დამუშავებაში 2004 წლიდან ამერიკაში მცხოვრები მკვლევარი ციცინო ჯერვალიძე ეხმარებოდა. მათი ერთობლივი შრომის შედეგად უკვე გამოიცა ეპისტოლარული ჟანრის ორი ტომი საერთო სათაურით – „პარიზიდან ვაშინგტონამდესაქართველოზე ფიქრით". ეს წიგნები ქართული ემიგრაციის მეორე თაობის ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს მოიცავს. პირველ წიგნს საფუძვლად დაედო საფრანგეთში ქართული ემიგრაციის ყოფილი თავკაცის ლევან ზურაბიშვილის მიმოწერა პეტრე ხვედელიძესთან, ხოლო მეორეში გავეცანით ცნობილი საზოგადო მოღვაწის რევაზ გაბაშვილის წერილებს.
2014 წლის 27 მარტს პეტრე ხვედელიძე გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.