პეტრე პოპოვი
პეტრე პოპოვი (რუს. Пётр Семёнович Попов; დ. 25 ივლისი, 1923 — გ. 1960) — საბჭოთა ჯარის ვიცე-პოლკოვნიკი, საბჭოთა ჯარის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პირველი მსხვილი აგენტი საბჭოთა კავშირში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაპეტრე პოპოვი დაიბადა 1923 წელს, კოსტომასთან ახლოს, გლეხის ოჯახში. 1942 წლის აგვისტოში წავიდა მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე, მიიღო ჯილდოები. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთვის, იყო მომარაგების ოფიცერი. პოპოვის ნაცნობები ახასიათებდნენ მას როგორც ჩაკეტილ, ურთიერთობის ნაკლებად მოყვარულ და ნერვოზულ ადამიანად. ამასთან ერთად, ისინი აღნიშავდნენ, რომ პოპოვი დისციპლინირებული და კარგი შემსრულებელი იყო. ომის შემდეგ, პოპოვი გახდა გენერალ ივან სეროვის დამხმარე, რომელიც იმ პერიოდში იყო გერმანიაში საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სამოქალაქო ადმინისტრაციის საკითხებში და ამავე დროს იკავებდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახალხო კომისარის მოადგილის თანამდებობას.[1]
1947 წელს, პოპოვმა დაამთავრა მომარაგების და ზურგის სამხედრო აკადემია, რის შემდეგაც, ივანე სეროვის პროტექციის დახმარებით, ჩააბარა სამხედრო-დიპლომატიურ აკადემიაში, რომელიც 1951 წელს დაამთავრა. იმავე წელს, პოპოვმა მიიღო დანიშვნა ვენაში, ავსტრიაში მდებარე საბჭოთა ჯარის კონტინგენტში. პოპოვის ძირითადი ამოცანა მაშინ იყო ავსტრიელ მოქალაქეთა გადმობირება საბჭოთა მხარეზე, რომელსაც იმ პერიოდში იუგოსლავიასთან კონფლიქტი მოუვიდა და მიზნად ისახავდა, გადმობირებული ავსტრიელები იუგოსლავიის წინააღმდეგ გამოეყენებინა.
თანამშრომლობა ამერიკულ დაზვერვასთან
რედაქტირებაარსებობს ორი ვერსია იმის შესახებ, თუ როგორ გადაიბირეს პოპოვი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტებმა. ერთი მათგანი, რომელიც ამერიკული წარმოშობისაა, ამტკიცებს, რომ პოპოვმა თავად ჩააგდო წერილი, სადაც თანამშრომლობას შეთავაზება იყო, ვენაში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-კონსულის ავტომობილში. მეორე, დაფუძნებული თავად პოპოვის ჩვენებაზე, ამტკიცებს, რომ ვენაში იგი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ორმა აგენტმა გაიტაცა და დაემუქრა, რომ ჩუმად გადაიყვანდნენ აშშ-ში და მასზე როგორ ჯაშუშზე სასამართლოს მოაწყობდნენ, რის შემდეგაც დააძალეს, ხელი მოეწერა გადაბირების აქტზე. 1954 წლიდან პოპოვი აქტიურად თანამშრომლობდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან „Grayspace“-ის ფსევდონიმის ქვეშ.[2]
სპეციალურად პოპოვთან თანამშრომლობისთვის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში შეიქმნა სპეციალური დანიშნულების განყოფილება SR-9 (იშიფრება როგორც Soviet Russia, საბჭოთა რუსეთი), რომელიც, საბოლოო ჯამში, უხელმძღვანელებს კიდეც სამმართველოს ყველა აგენტის მოქმედებას საბჭოთა კავშირში. სგანყოფილებას თავდაპირველად სათავეში ჩაუდგა ჯორჯ კაიზვალტერი. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ვიცე-პოლკოვნიკ პოპოვის სამსახურს დიდად აფასებდა და მას დიდ თანხასაც უხდიდა. პოპოვმა, სამაგიეროდ, გასცა მისთვის ცნობილი ყველა საბჭოთა აგენტი ავსტრიაში და გაუმხილა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კადრების მომზადების სისტემა და ამ უწყებების ორგანიზაციული სტრუქტურა. არაერთხელ, პოპოვი აძლევდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციას ავსტრიაში მოქმედი საბჭოთა სამხედრო დაზვერვის მოქმედების ასპექტებზე. ამ ინფორმაციის მოპოვებას იგი სამსახურეობრივი მდგომარეობის ხარჯზე ახერხებდა. პოპოვმა აგრეთვე გადასცა ჯორჯ კაიზვალტერს საკმაოდ ფასეული ინფორმაცია საბჭოთა შეიარაღებასა და სამხედრო დოქტრინაზე, იმ წლების სამხედრო წესდება, ჯავშანტექნიკური დივიზიების ორგანიზაციის სქემა საბჭოთა ჯარში. გარდა ამისა, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ზუსტად პოპოვისგან შეიტყო, რომ 1954 წელს ქალაქ ტოცკის რაიონში საბჭოთა კავშირმა ჩაატარა პირველი სამხედრო სწავლებები ბირთვული იარაღის გამოყენებით.[3]
დაპატიმრება და დახვრეტა
რედაქტირება1958 წლის საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი დაინტერესდა პოპოვისა და ავსტრიის მოქალაქის, ემილია კოხანეკის მიმოწერით (კოხანეკი პოპოვის საყვარელი იყო უკანასკნელის ავსტრიაში ყოფნის პერიოდში). პოპოვის ოპერატიული დამუშავების საქმემ მიიღო კოდური დასახელება „ბუმერანგი“, ხოლო მისმა მთავარმა ფიგურანტმა ფსევდონიმი „იუდა“. დამუშავების წინ წაწევის შემდეგ, ვიცე-პოლკოვნიკის ყოფნა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირისთვის სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა. 1958 წლის 24 ნოემბერს პოპოვი ბოლოჯერ შეხვდა ჯორჯ კაიზვალტერს, რის შემდეგაც მოსკოვში დაბრუნდა.[3]
1959 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დააფიქსირა, რომ პოპოვი ხვდებოდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტებს. 1959 წლის 18 თებერვალს პოპოვი მოსკოვში, ლენინგრადის სადგურზე დააკავეს. მის საცხოვრებელ ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა და აღმოაჩინეს 20 ათასი რუბლი, პისტოლეტი „ვალტერი“, შიფრები და აშშ-ის რეზიდენტურასთან დაკავშირების ინსტრუქციები. პოპოვს ბრალად დასდეს სამშობლოს ღალატი. მის საქმეს განიხილავდა საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგია, რომელმაც ბრალდებულს მიუსაჯა სასჯელის უმკაცრესი ზომა, სიკვდილით დასჯა დახვრეტის გზით. იმავე წელს პოპოვი დახვრიტეს.[4][5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Атаманенко И. Г. Первый крот в Главном разведывательном управлении // Независимое военное обозрение, 23 марта 2012.
- ↑ Ирина Быкова.. Жизнь в тайне. РОЛ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
- ↑ 3.0 3.1 Пётр Попов — супершпион?. Moole.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
- ↑ Пётр Попов. Agentura.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
- ↑ Документальный фильм «Первый советский крот» из цикла «Шпионы и предатели»