პატანჯალი
პატანჯალი (სანს. पतञ्जलि, Patañjali, [pʌtʌɲʤʌlɪ]) — ინდოელი სწავლული, იოგას სკოლის (დარშანის) ფუძემდებელი, რომელსაც ჩვენამდე მოღწეული „იოგა-სუტრას“ შედგენა მიეწერება. ინდურ მითოლოგიაში გველთა მეფის, შეშას ინკარნაციად მიიჩნევა.
პატანჯალის ცხოვრების შესახებ ცნობებს ჩევენამდე არ მოუღწევია. ასევე უცნობია, რომელ საუკუნეებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. დარწმუნებით არც იმის თქმა შეიძლება, რომ იგი ისტორიული პიროვნება იყო. ინდური ტრადიცია მას ამავე სახელის გრამატოლოგთან აიგივებს, რომელიც ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნეში ცხოვრობდა. მაგრამ იმის გამო, რომ გრამატოლოგის ენა და ლექსიკა დიდად განსხვავდება „იოგა-სუტრას“ ავტორის ენისა და ლექსიკისაგან, ინდოლოგები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან.