პარიზის ენათმეცნიერების საზოგადოება

(გადამისამართდა გვერდიდან პარიზის ლინგვისტური საზოგადოება)

პარიზის ენათმეცნიერების საზოგადოება, პარიზის ლინგვისტური საზოგადოება (ფრანგ. Société de linguistique de Paris) — ენათმეცნიერთა ფრანგული და საერთაშორისო გაერთიანება, ლინგვისტური პრობლემების განხილვის ცენტრი. დაარსდა 1864 წელს პარიზში, 1866 წელს მიიღეს წესდება. საზოგადოების მუშაობას ორგანიზებას უწევს გამგეობა (ბიურო), რომელშიც შედიან, მათ შორის, საზოგადოების ყოველწლიურად არჩეული თავმჯდომარე და მდივანი [მდივნის თანამდებობას იკავებდნენ: მიშელ ბრეალი (1868-1915), ანტუან მეიე (1916-1936), ჟოზეფ ვანდრიესი (1937-58), ემილ ბენვენისტი (1959-70)]. საზოგადოების საქმიანობაში დიდი როლი შეასრულეს უცხოელმა ენათმეცნიერებმა შარლ ბალიმ (შვეიცარია), ვიგო ბრენდალმა, ჰოლგერ პედერსენმა (დანია), იან მიხალ როზვადოვსკიმ (პოლონეთი), ფერდინანდ დე სოსიურმა (შვეიცარია), იან ბოდუენ დე კურტენემ (პოლონეთი), აგრეთვე ფრანგმა ლინგვისტებმა ანდრე მარტინემ, ბერნარ პოტიემ, ანტუან კიულიოლიმ, კლერ ბლანშ-ბენვენისტმა, რომლებიც სხვადასხვა წლებში იკავებდნენ მისი თავმჯდომარის პოსტს.[1]

პარიზის ენათმეცნიერების საზოგადოება ატარებს ყოველთვიურ სხდომებს ერთი სამეცნიერო მოხსენების წარდგენასა და განხილვასთან ერთად. წელიწადში ერთხელ, იანვარში, ტარდება სამეცნიერო სესია — Journée scientifique (სიტყვასიტყვით „სამეცნიერო დღე“), რომელიც ეძღვნება ენათმეცნიერების გარკვეული აქტუალური პრობლემის განხილვას, თან ახლავს არჩეულ თემაზე რამდენიმე მოხსენების წარდგენა.[1]

პარიზის ენათმეცნიერების საზოგადოების სამეცნიერო საქმიანობა XX საუკუნის შუა პერიოდამდე მნიშვნელოვნად იყო ორიენტირებული შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებაზე და ძველი და ნაკლებად შესწავლილი, მათ შორის აღმოსავლური და აფრიკული ენების აღწერაზე. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ცხარე დისკუსიების შედეგად, საზოგადოების ინტერესის სფეროში მოექცა სტრუქტურალისტური ხასიათის კვლევები და თანამედროვე სემანტიკური თეორიები. გრძელდება ენათმეცნიერული სკოლებისა და მიმართულებების ისტორიოგრაფიული აღწერის ტრადიცია.[1]

პარიზის ენათმეცნიერების საზოგადოების მნიშვნელოვანი პუბლიკაციებია:

  • „ჩანაწერები“ („Mémoires“) —1868-1935 წლებში გამოვიდა 23 ტომი. გამოცემა განახლდა 1990 წელს, გამოქვეყნდა 24 ტომი,[2] რომელშიც შევიდა სტატიები საზოგადოების ყოველწლიური სამეცნიერო სესიების მოხსენებების საფუძველზე;
  • ბიულეტენი („Bulletin de la Société de linguistique de Paris“) — 1869–2023 წლებში გამოვიდა 118 ტომი[3] (თითოეული ტომის ერთი გამოშვება შეიცავს სხდომების ოქმებსა და სამეცნიერო სტატიებს, მეორე — რეცენზიებს სხვადასხვა ქვეყანაში გამოცემულ ლინგვისტურ ნაშრომებზე);
  • სერია „ლინგვისტიკა“ („Linguistique“) — ქვეყნდება 1908 წლიდან. შედის მონოგრაფიები, იშვიათად სტატიათა კრებულები (2023 წლისთვის გამოვიდა 108 ტომი);[4]
  • სერია „მსოფლიოს ენები“ („Les langues du monde“) — ქვეყნდება 2009 წლიდან. 2017 წელს გამოვიდე მე-9 წიგნი.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Челышева И. И. Парижское лингвистическое общество // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 350.
  2. Mémoires de la SLP. Société de Linguistique de Paris. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2024
  3. Bulletin de la Société de Linguistique de Paris. Peeters online journals. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2024
  4. Collection «Linguistique». Société de Linguistique de Paris. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2024
  5. Collection «Langues du monde». Société de Linguistique de Paris. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2024