პავსანიასი (ძვ. ბერძნ. Παυσανίας, ლათ. Pausanias) — II საუკუნის ბერძენი მწერალი, მოგზაური და გეოგრაფი. ბერძნული ხელოვნების ენციკლოპედიად ითვლება მის მიერ დაწერილი „ელადის აღწერილობა“ 10 წიგნად. ბიოგრაფიული ცნობები პავსანიასის შესახებ მოღწეული არ არის. ვარაუდის დონეზე ამტკიცებენ, რომ იგი ლიდიაში უნდა დაბადებულიყო, რადგან თავის ნაშრომში დიდ ადგილს უთმობს მშობლიური მხარის აღწერას. ავტორის მსჯელობის მიხედვით ნათელი ხდება, რომ თხზულება დაწერილია იმპერატორ მარკუს ავრელიუსის მმართველობის ხანაში.

პავსანიასი
დაბადების თარიღი 110 ან 115
დაბადების ადგილი აზია
გარდაცვალების თარიღი 180
გარდაცვალების ადგილი Sicily
საქმიანობა მწერალი[1] [2] , გეოგრაფი[3] [2] და მოგზაური მწერალი[2]
ენა ძველი ბერძნული ენა
Magnum opus Description of Greece

პავსანიასი დიდ მწერალთა რიცხვს არ განეკუთნება. იყო თავისი ეპოქის განათლებული პიროვნება და საუკუნეებს შემოუნახა ბერძნული გენიის მრავალი საოცრება, რომლებსაც II საუკუნეში შენარჩუნებული ჰქონდათ პირვანდელი სახე. მსგავსი ხასიათის ნაშრომი ძველი სამყაროს შესახებ არ არსებობს. „ელადის აღწერილობიდან“ ჩანს, რომ ავტორს ბევრი უმოგზაურია, საკუთარი თვალით უნახავს მრავალი ძეგლი. გამოუყენებია ვრცელი ლიტერატურა. „ელადის აღწერილობაში“ დაფიქსირებულმა ხუროთმოძღვრებისა და ქანდაკების ძეგლებმა ისტორიის ქარტეხილებს ვერ გაუძლეს, მაგრამ კაცობრიობის ხსოვნაში დარჩნენ პავსანიასის წყალობით.

პავსანიასის ნაშრომმა შემოინახა ფრაგმენტები იმ ლიტერატურისა, რომლებსაც იგი ეყრდნობოდა. პავსანიასი დაწვრილებით აღწერდა ტაძრებს, საკურთხევლებს, ხუროთმოძღვრულ ნაგებობებს, ქანდაკებებს, სურათებს ურთავდა მსჯელობის ობიექტის შესახებ არსებულ თქმულებებსა და მითებს.

პავსანიასის მიერ აღწერილი ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილი ნანგრევების სახითაა მოღწეული, მრავალი მიწის ქვეშ მოქცეული ძეგლის ადგილმდებარეობის განსაზღვრა „ელადის აღწერილობით“ გახდა შესაძლებელი. პავსანიასის აღწერების სიზუსტე დაადასტურეს არქეოლოგიურმა გათხრებმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქავთარია გ., ძველი საბერძნეთი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2005. — გვ. 31–32.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  2. 2.0 2.1 2.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118592246 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.