„ორ-ენა და ქუჩე“ — ქართველი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა. გამოქვეყნდა 1883 წელს, ჟურნალ „ივერიაში“ (მე-2 ნომერში).[1]

შინაარსირედაქტირება

სოფელ ვარდისუბანში მდიდარ გლეხთან მოჯამაგირედ მდგარ თედოს, მეტსახელად „ორ-ენას“ გულში ჩაუვარდება თავისი პატრონის ძმისწული ქუჩე, რომელიც სოფელში სილამაზითაა განთქმული. ორ-ენა ახალგაზრდა, მოხდენილი ვაჟია, კარგი ჩაცმა-დახურვის, გართობისა და დროსტარების დიდი მოყვარულიცაა, მაგრამ, სოფელში მაინც ალმაცერად უცქერენ, როგორც უთვისტომო მოჯამაგირეს. ქუჩეს სიამოვნებს მისი ყურადღება, მაგრამ, სერიოზულად მაინც არ აღიქვამს, რადგან, კარგად იცის თავისი სილამაზის ფასი, მდიდარი მამის ერთადერთი ქალიშვილობა კი მას კარგ მზითევს და უფრო მაღალი წოდების ოჯახის შვილზე გათხოვებას უქადის. ვაჟი მაინც მოახერხებს გამოუცდელი ქუჩეს დამარტოხელებას და შეცდენას. მათი ურთიერთობა სოფელს შეუმჩნეველი არ რჩება და იწყება მითქმა-მოთქმა. ორ-ენა შუაკაცს უგზავნის ქუჩეს მამას, გოგიას და სთხოვს, ქალიშვილი ცოლად მიათხოვოს, მაგრამ, გოგია საპასუხოდ მოკვლას დაუპირებს. თედო სოფლიდან ქრება. სოფელში ხმა ვრცელდება — სახალხო მილიციაში ჩაწერილა და ომში წასულაო. ქუჩეს მამა სასტიკად სცემს, ერთხანს შინ ჰყავთ გამოკეტილი მშობლებს, შემდეგ კი, ჩუმად ათხოვებენ შორეულ სოფელში მცხოვრებ ხანშიშესულ ოთხშვილიან ქვრივზე.

რამდენიმე თვის შემდეგ სიძე უკან უბრუნებს მშობლებს ქუჩეს, მზითევთან ერთად, იმ მიზეზით, რომ ქალი ქორწინებისას უკვე ორსულად იყო. განრისხებული გოგია და მისი ცოლი დაუნდობლად უსწორდებიან შვილს და ნაცემს ბოსელში კეტავენ. ხმაურზე მეზობლებიც მოდიან, მაგრამ, ყველას მხოლოდ ოჯახის „შერცხვენა“ ანაღვლებს, ქუჩეს მდგომარეობა კი მის მშობლებსაც კი აღარ ახსოვთ. სასტიკად ნაცემ-ნაწამებ ქალს ნაადრევი მშობიარობა ეწყება და აჩენს ბავშვს, რომელსაც გაჩენისთანავე ძირს ახეთქებს და კლავს. სცენის მოწმე აღმოჩნდება შემთხვევით შემოსწრებული მეზობელი, რის შედეგადაც, საბოლოოდ, ეს ამბავი ხელისუფლების ყურამდე მიდის. იწყება გამოძიება. ქუჩეს ბრალს დებენ ახალშობილი შვილის მკვლელობაში. იგი აღიარებს დანაშაულს და აცხადებს, რომ უნდოდა, შვილისათვის ის ტანჯვა აეცილებინა, რაც თავად მას შეემთხვა, საკუთარი თავი კი-დაესაჯა. ის ითხოვს, რომ თავადაც სიკვდილი მიუსაჯონ. მშობლები უკვე ხვდებიან თავიანთ დანაშაულს, მაგრამ, გვიანღაა. სასამართლო ქუჩეს ციმბირის კატორღაში 10 წლით გადასახლებას გადაუწყვეტს. როცა შეიარაღებულ მცველებს გარეთ გაჰყავთ, ქალი ანაზდად დაინახავს იქვე მდგომ მოწყალების მთხოვნელ ცალხელა ყმაწვილ კაცს, რომელშიც თედოს ამოიცნობს და ცრემლი მოერევა. თედო მისკენ გაიწევს, მაგრამ შემდეგ მოკვეთილ ხელზე დაიხედავს და საყვედურის გამომხატველ მზერას მიაპყრობს ზეცას.[2]

გამოხმაურებარედაქტირება

„ორ-ენა და ქუჩეს“ მაღალი შეფასება მისცა დავით კეზელმა („დავით სოსლანის“ ფსევდონიმით) გაზეთ „დროებაში“ (1883 წ. №97). კრიტიკოსმა ხაზი გაუსვა მოთხრობის მაღალმხატვრულ დონესა და ენობრივ გამართულობას. მისი შეხედულებით, მოთხრობაში ავტორმა თავი სხვათა გავლენისაგან თავისუფალ, თვითმყოფად მწერლად წარმოაჩინა.[3]

სქოლიორედაქტირება