ოლეგ პენკოვსკი (რუს. Оле́г Влади́мирович Пенько́вский; დ. 23 აპრილი, 1919, ვლადიკავკაზი — გ. 16 მაისი, 1963, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკი (ჩამოერთვა ეს წოდება 1963 წელს). 1963 წელს დაადანაშაულეს ჯაშუშობაში ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ და სამშობლოს ღალატში. საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით მიესაჯა სასჯელის უმკაცრესი ზომა, სიკვდილით დასჯა დახვრეტის გზით.

ოლეგ პენკოვსკი

პენკოვსკის სასამართლო პროცესი, პირველად პოსტ-სტალინისტურ ეპოქაში ფართოდ გაშუქდა ტელევიზიაში, რადიოში და საბჭოთა გაზეთებში, სადაც აქვეყნებდნენ რეპორტაჟებს სასამართლო დარბაზიდან, კომენტარებს და „მშრომელთა წერილების“ კრებულებს, რომლებშიც ხალხი კიცხავდა „ვერაგ ჯაშუშს“. სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, მისი სტენოგრამა 100 000-იანი ტირაჟით გამოაქვეყნა სახელმწიფო გამომცემლობამ. სასამართლოს შედეგებს განიხილავდნენ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, კოლექტივებში. წლების განმავლობაში, საბჭოთა კავშირში პენკოვსკის სახელი შეურაცხყოფად ითვლებოდა და იყო ღალატის სიმბოლო.[1][2][3]

ბევრი სპეციალისტის მოსაზრებით, პენკოვსკი არის ყველაზე შედეგიანი აგენტი, რომელსაც ოდესმე უმუშავია დასავლეთის სასარგებლოდ სსრკ-ს წინააღმდეგ. ამავე დროს, გავრცელებულია აზრიც, რომ პენკოვსკის არ ჰქონდა წვდომა მნიშვნელოვან სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოებთან, რის გამოც, მისმა მოღვაწეობამ ვერ მიაყენა დიდი ზიანი საბჭოთა კავშირის დაზვერვას თუ თავდაცვისუნარიანობას.

ზოგიერთი ანალიტიკოსი და სპეციალური დანიშნულების სამსახურის ვეტერანი თანამშრომელი მიიჩნევს, რომ პენკოვსკი შეიძლებოდა ყოფილიყო ორმაგი აგენტი, „ყალბი ფიგურა“ ორი უწყების, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის და მთავარ სადაზვერვო სამმართველოს შორის გაჩაღებულ ბრძოლაში, ან კიდევ, იგი უბრალოდ გახდა მსხვერპლი საბჭოთა კავშირში ძალაუფლებისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში. პენკოვსკის მხილების შედეგად, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა ივან სეროვმა, რომელიც იმდროინდელი საბჭოთა ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის ძალაუფლების საყრდენი იყო. შესაბამისად, შეიქმნა შესაბამისი პირობები უკვე თავად ხრუშჩოვის გადაყენებისთვის (რაც საბოლოო ჯამში მოხდა კიდეც) და ლეონიდ ბრეჟნევის 18-წლიანი მმართველოს დაწყებისთვის.[1][2][3]

ჯაშუშობა

რედაქტირება

გადაბირება

რედაქტირება

გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ პენკოვსკი საკუთარი ინიციატივით სთავაზობდა საკუთარ მომსახურებას მოსკოვში მოქმედ ამერიკულ დაზვერვას. ერთი მონაცემებით, 1960 წლის ივნისში, მდინარე მოსკოვის ხიდზე პენკოვსკიმ მიმართა ორ ამერიკელ სტუდენტს ტურისტული ჯგუფიდან და სთხოვა, გადაეცათ შეერთებული შტატების საელჩოში წერილი, სადაც იგი დეტალურად, მხოლოდ სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი დეტალებით, აღწერდა, თუ როგორ ჩამოაგდეს 1 მაისს ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი სვერდლოვსკის თავზე, რომლის პილოტიც პაუერსი იყო. სხვა მონაცემებით, პენკოვსკიმ თავად გადასცა პაკეტი თავისი შეთავაზებებით მოსკოვში მდებარე ამერიკელი ელჩის რეზიდენციას. ბრიტანულ დაზვერვასთან კავშირზე გასვლა, პენკოვსკიმ, გამოძიების ინფორმაციით, სცადა 1960 წლის ნოემბერში, მოსკოვში მდებარე კანადის საელჩოს დახმარებით. აგრეთვე არსებობს ინფორმაცია, რომ მისი პირველი კონტაქტი დასავლურ სპეცსამსახურებთან ჯერ კიდევ 1958 წელს შედგა.[3]

1962 წელს, ოპერატიული მუშაკების თვალთვალის ქვეშ ყოფნისას (პირველად მასზე ეჭვი 1961 წლის დეკემბერში მიიტანეს), პენკოვსკიმ ჩაატარა არა ნაკლები, ვიდრე ექვსი შეხვედრა უცხოელ მზვერავებთან. პენკოვსკი მეცნიერის ნიღბის ქვეშ მოქმედებდა და სტუმრობდა უცხოელებს მათ სასტუმრო ნომრებში. იგი აგრეთვე შეამჩნიეს ამერიკის და ინგლისის საელჩოებში, ერთხელ იგი პირდაპირ ბინაშიც კი ეწვია დასავლელ დიპლომატს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პენკოვსკი საიდუმლო ინფორმაციას მალავდა სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში (ძირითადად პუშკინის ქუჩასა და არბატზე), ერთი საიდუმლო ადგილი კი სულაც პოეტ სერგეი ესენენის სასაფლაოზე მდებარეობდა. 1962 წლის განმავლობაში, პენკოვსკიმ გადასცა ინგლისელებს და ამერიკელებს დაახლოებით 30 მიკროფირი გასაიდუმლოებული დოკუმენტაციით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პენკოვსკის უთვალთვალდებდნენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები, თუმცა, არ ჩქარობდნენ მის დაპატიმრებას და მხილებას, რადგანაც სურდათ, აღმოეჩინათ მთელი სააგენტო ქსელი, რომელიც მათი აზრით მოსკოვში მოქმედებდა.[1]

დაპატიმრება და სასამართლო პროცესი

რედაქტირება

პენკოვსკი დააპატიმრეს 1962 წლის 22 ოქტომბერს, მაშინ, როცა იგი სამსახურში მიდიოდა და პირდაპირვე მიიყვანეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობაში, ლუბიანკას მოედანზე.[4][5] პენკოვსკიმ დასავლეთთან თანამშრომლობა პირველი დღეებში აღიარა, სინანული გამოხატა და საბჭოელებს შესთავაზა, ორმაგი აგენტი გამხდარიყო და მათთვის ემუშავა.

პენკოვსკის საქმეს განიხილავდა საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგია, ღია სასამართლო პროცესის ფარგებში 1963 წლის 7 მაისიდან 11 მაისამდე. პროცესისას, პენკოვსკი ცნობილი იყო როგორც საბჭოთა ჯარის თადარიგის პოლკოვნიკი, ჩაცმული იყო შავ კოსტუმში, ეკეთა ჰალსტუხი. ინფორმაცია, რომ ის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მუშაობდა, გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ 30 წლის შემდეგ, 1990-იან წლებში გახდა ცნობილი. საბჭოთა გაზეთებში ქვეყნდებოდა პროცესის სტენოგრამები, არსებობს მდიდარი კინოქრონიკაც. [2][3].

1963 წლის 11 მაისს საბჭოთა კავშირის უზენაესი სასმართოს სამხედრო კოლეგიამ პენკოვსკი დამნაშავედ ცნო და მას დახვრეტის გზით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება