ოთხთავი (A-496) — XIII საუკუნის ქართული ხელნაწერი ოთხთავი. წიგნი მოხატულია ვინმე მათეს მიერ. შეიცავს სახარების ელინოფილური ტრადიციის თარგმანს სადეკლამაციო-ლიტურგიკული ნიშნებითურთ. ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სახარებათაგან, რომელსაც „ავგაროზის ეპისტოლე“ აქვს დართული.

ოთხთავი (A-496)

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შეიცავს 190 ფურცელს, რომელთა ზომებია 25,5X20 სანტიმეტრი. ყოველი თავის დასაწყისი ოქროს ფონზე მახარებელთა გამოსახულებითაა დამშვენებული. მინიატიურებს საცავებად გაკეთებული აქვს ქსოვილის საფარი. ტექსტი მორთულია საუცხოოდ გაფორმებული თავსამკაულებითა და საზედაო ასოებით. წიგნი ქართული ხელნაწერისათვის დამახასიათებელ ეროვნულ მხატვრულ ტრადიციებს ინარჩუნებს.

მოგვიანებით წიგნი განუახლებია და ცხაოტის თავის ღვთისმშობლისათვის შეუწირავს ქსნის ერისთავის მეუღლეს — როდამს. დღეს ხელნაწერი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში (A-496).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 76