უბაკლური

(გადამისამართდა გვერდიდან ობაყლური)

უბაკლური, ობაყლური — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, წარმოშობილი უნდა იყოს სიღნაღის რაიონიდან. სიღნაღში არის ადგილი, რომელსაც „ობაყალს“ ეძახიან და სადაც ვენახებია გაშენებული. ჯიშიც ამ ადგილიდან უნდა იყოს გავრცელებული და სახელწოდებაც ადგილის მიხედვით უნდა პქონდეს შერქმეული.

ძველად უბაკლური კახეთში ფართოდ ყოფილა ცნობილი.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, უმნიშვნელოდაა გადახრილი ოვალური ფორმისკენ. ხუთნაკვთიანია, ზოგჯერ სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სისქის აბლაბუდისებრ, თხელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, განივკონუსური, დატოტვილი, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ხანდახან უფორმო მტევნებიც გვსვდება. აღნაგობით კუმსია ან ძალიან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ მოოვალურო. მომწვანო-მოყვითალო ფერის. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა და მდნარი, გემო სასიამოვნო აქვს, ჰარმონიული, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით, რომელშიც სუსტად შეიმჩნევა მუსკატური გემო. უბაკლური ერთადერთი ქართული ჯიშია, რომელსაც სიმწიფეში მუსკატის გემო აქვს.

საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 150-157 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევრიდან შედის. მტევნის წონა 100-350 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. მისი ყურძნისგან ცალკე დაყენებული ღვინო საშუალოზე მაღალი ღირსებისაა ჩალისფერი, საშუალოსხეულიანი, ნაზი და ჰარმონიული გემოთი და ჯიშური არომატით. გამოიყენება სასუფრე ყურძნადაც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 361

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • ვაზის ჯიშები // „ჩვენი სოფელი“ : გაზეთი, თბილისი, აგვისტო, 2021, № 65, გვ. 7.