ნინო მაისურაძე (მოჭადრაკე)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაისურაძე.

ნინო მაისურაძე (დ. 13 ივნისი, 1982, თბილისი, საქართველოს სსრ)- საქართველოში დაბადებული, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე მოჭადრაკე. 1998 წელს ფიდემ საერთაშორისო ოსტატის წოდება მიანიჭა, ხოლო 2009 წელს ქალთა შორის დიდოსტატის წოდება.2013 და 2014 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა ქალთა შორის.

ნინო მაისურაძე

ნინო მაისურაძე, 2011 წელი
ქვეყანა (სპორტი)

საქართველოს დროშა საქართველო,

საფრანგეთის დროშა საფრანგეთი,
[1]
დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1982 (1982-06-13) (42 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
წოდება დიდოსტატი ქალთა შორის (2009)
ფიდე რეიტინგი 2251 (თებერვალი 2021) [2]
მაქსიმალური რეიტინგი 2349 (სექტემბერი 2014)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნინო მაისურაძე თბილისში დაიბადა და ჭადრაკის თამაში 7 წლისამ ისწავლა. საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ გოგი მაჭარაშვილთან ემზადებოდა და ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოს პირველობები რამდენჯერმე მოიგო. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პირველობაზე 14 წლამდელებში მესამე ადგილი დაიკავა. ნინომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა და ჭადრაკს დროებით ჩამოშორდა.[3]

საფრანგეთის მოქალაქეობა

რედაქტირება

2003 წელს საფრანგეთში გათხოვდა და სორბონის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. 2007 წელს პარიზის ერთ-ერთ ტურნირზე გამოვიდა, მოიგო და კვლავ დაუბრუნდა ჭადრაკს. 2008 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და ნაკრებშიც ითამაშა. მაისურაძემ ხორვატიაში ორ წრიულ ტურნირზე იასპარეზა და ორივეჯერ დიდოსტატის ნორმატივი შეასრულა. შემდეგ საფრანგეთის ღია საერთაშორისო ტურნირზე მესამე ბალი აიღო და ქალთა შორის დიდოსტატის წოდებაც ბოლომდე შეასრულა, რომელიც 2009 წელს, ჰალკიდიკში ოქტომბერში ფიდეს მე-80 კონგრესზე მიანიჭეს. 2010 წელს ცენტრალური ევროპის ქვეყნების ჩემპიონატში Mitropa Cup-ზე, საფრანგეთის ქალთა ნაკრებში პირველ დაფაზე გამოვიდა და ინდივიდუალური ოქროს მედალი მოიპოვა. იმავე წელს ნაკრების შემადგენლობაში, სათადარიგო დაფაზე, ხანტი-მანსიისკში საჭადრაკო ოლიმპიდაზე იასპარეზა. 2012 წელს სტამბულში საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მესამე დაფზე იასპარეზა და მეშვიდე ადგილზე გავიდა. სამჯერ წარადგინა ნაკრები ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე 2011 და 2013 წლებში, ხოლო 2013 წელს მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მეორე დაფაზე. საფრანგეთის ქალთა ჩემპიონატზე 86-ე ჩემპიონატზე 2011 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა და 1,5-ით ჩამორჩა გამარჯვებულ სოფი მიიეს. სამაგიეროდ ზედიზედ ორჯერ იჩემპიონა 2013[4] და 2014[5] წელს. 2013-ში 12 მონაწილეს შორის მან და მატილდა კუნჟიუმ თანაბარი ქულებით 8,5-8,5 დაასრულეს ასპარეზობა და ჩემპიონის გამოსავლენად ტაი-ბრეიკი დანიშნა, სადაც ნინომ 3:1 იმარჯვა. იმავე წელს თბილისში, ჭადრაკის სასახლეში ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ქართველ ნონა გაფრინდაშვილის თასზე იასპარეზა.[6] 2015 წელს საფრანგეთის ქალთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა, პირველზე კი ალმირა სკრიპჩენკო გავიდა. 2018 წელს წინანდალში ქართველი მოქმედი მოჭადრაკეების ლელა ჯავახიშვილისა და ბელა ხოტენაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა. ტურნირი თვითონ ჯავახიშვილმა მოიგო, ნინო კი ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიის GWS-ს რჩეული გახდა და სპეციალური პრიზიც მიიღო.[7]

ნინო მაისურაძე 2003 წელს ბრაზილიელ დიდოსტატ ალეკსანდრ ფიეროზე დაქორწინდა.[8]

  1. [1]. Transfers in 2008.
  2. [2]. February 2021.
  3. [3]. ქართველი მოჭადრაკე ნინო მაისურაძე საფრანგეთის ჩემპიონია.
  4. [4]. Hamdouchi and Maisuradze are 2013 French Chess Champions.
  5. [5]. 89th French Chess Championships 2014.
  6. [6]. ქართველი მოჭადრაკე ნინო მაისურაძე საფრანგეთის ჩემპიონია.
  7. [7]. წინანდალში საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი დასრულდა.
  8. [8]. What it takes to be an Olympian.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება