ნიკოლოზ პრჟევალსკის ძეგლი (სანქტ-პეტერბურგი)

ნიკოლოზ პრჟევალსკის ძეგლი (რუს. Памятник Пржевальскому) — რუსი მოგზაურის, გეოგრაფის, ცენტრალური აზიის მკვლევარისა და ბუნებისმცოდნის ნიკოლოზ პრჟევალსკის ძეგლი, მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის საადმირალოს რაიონში, ალექსანდრეს ბაღში.

ნიკოლოზ პრჟევალსკის ძეგლი
Памятник Пржевальскому
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
მოქანდაკე ივან შრედერი
მასალა ბრინჯაო, გრანიტი
გახსნის თარიღი 1892
მიძღვნილია ნიკოლოზ პრჟევალსკი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810006008

რუსი მოგზაურის, გეოგრაფისა და ცენტრალური აზიის მკვლევარის ნიკოლოზ პრჟევალსკის ძეგლი აღმართეს იმ პროექტის მიხედვით, რომელიც შეიმუშავა მისმა მეგობარმა გენერალ-მაიორმა ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბილდერლინგმა და რომელიც დაამტკიცეს 1891 წლის 13 ივნისს. ძეგლის მოდელი დაამზადა მოქანდაკე აკადემიკოსმა ივან ნიკოლოზის ძე შრედერმა. ძეგლის აღსამართავად შეარჩიეს ალექსანდრეს ბაღი. ძეგლის აღმართვისათვის ფინანსები გაიღო რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ. ივან შრედერის მოდელის მიხედვით ბრინჯაოს ქანდაკება ჩამოასხეს კ. ბრეტოს ქარხანაში, ხოლო კვარცხლბეკი, რომელსაც გრანიტის კლდის ფორმა აქვს დაამზადეს რობერტ იოჰანეს ძე რუნებერგის ფირმაში „Бюро Вега“.

ძეგლი წარმოადგენს ნიკოლოზ პრჟევალსკის ბრინჯაოს ბიუსტს, რომელიც დგას გრანიტის კვარცხლბეკზე. კვარცხლბეკთან მდებარეობს აქლემის ბრინჯაოს ფიგურა, რომელსაც ხურჯინი აქვს გადაკიდებული. კვარცხლბეკზე შემდეგი წარწერაა გაკეთებული:

ПРЖЕВАЛЬСКОМУ

первому изслѣдователю
природы

ЦЕНТРАЛЬНОЙ АЗIИ

ძეგლის სიმაღლე შეადგენს 1,5 მეტრს, კვარცხლბეკის სიმაღლე კი — 3,3 მეტრს. ძეგლი გაიხსნა 1892 წლის 20 ოქტომბერს.

თანამედროვე ეპოქაში ძეგლი წარმოადგენს სტუმრობისა და ფოტოგრაფირების პოპულარულ ადგილს. ზოგჯერ, გარეგნული მსგავსების გამო პრჟევალსკის ძეგლი მნახველებს იოსებ სტალინის ძეგლი ჰგონიათ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება