წმინდა მოწამე ნიკოლოზ დვალი (გ. 1314) — საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ძველი სტილით 12 თებერვალი (25 თებერვალი).

ნიკოლოზ დვალი

წმინდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ ბერად აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ წმინდანი იერუსალიმში წავიდა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით ანთებული წმინდა ნიკოლოზი მხნედ ქადაგებდა სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათ ცდომილებებს.

უსჯულოებმა წმინდა ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალფერი სატანჯველის შემდეგ ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს და საპყრობილიდან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით წმინდა ნიკოლოზი კვიპროსზე წავიდა, ქართველთა მონასტერში. იგი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება: დამასკოში უნდა წასულიყო.

დამასკოში ჩასულმა წმინდანმა უსჯულოთა წინაშე ისევ მხნედ აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა უღმრთოებმა შეიპყრეს წმინდა აღმსარებელი, სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი გამოხსნა ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული წმინდა ნიკოლოზი კვლავ მივიდა უსჯულოთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უგუნურება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, ხუთასჯერ დაჰკრეს შოლტი და საპყრობილეში ჩააგდეს. წმინდა მოწამე ნათლისმცემლის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაათავისუფლეს.

ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული წმინდა ნიკოლოზი, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა წმინდანს მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმინდა ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე.

ამირათ-ამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. სანატრელი მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა, სიხარულით მოუდრიკა მახვილს ქედი და თქვა: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთჳს სიკვდილსა“. მახვილმა თავი წარკვეთა წმინდა ნიკოლოზს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!“ ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმინდანის გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.

როცა წმინდა ნიკოლოზის მოძღვარმა თავისი სულიერი შვილის მოწამეობრივი აღსასრული შეიტყო, ადიდა ღმერთი და შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის შეერაცხა თუ არა ნიკოლოზი წმინდა მოწამეთა შორის. ერთ დღეს, წიგნის კითხვისას, მან სასწაულებრივი გამოცხადებით იხილა ნათლითა და სურნელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილი გუნდი წმინდა მოწამეთა, რომელთა შორის გამორჩეულად ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი. წმინდა გიორგიმ წმინდა ნიკოლოზი იხმო: „ნიკოლოზ! გამოვედ და იხილე ბერი ესე, შენი მოძღვარი, რამეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხინა შენთჳს“. ნიკოლოზმა მოიკითხა მოძღვარი: „აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის“, - დაამშვიდა მან იგი. წმინდა ნიკოლოზ დვალი ეწამა 1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.