ნიკოლოზ ევგენის ძე ასტახოვი (დ. 12 თებერვალი, 1911 — გ. 18 ოქტომბერი, 1993) — საბჭოთა გეოგრაფი და გეოლოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1969). პროფესორი.

ნიკოლოზ ასტახოვი
დაბ. თარიღი 12 თებერვალი, 1911(1911-02-12)
დაბ. ადგილი მოსკოვი
გარდ. თარიღი 18 ოქტომბერი, 1993(1993-10-18) (82 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნიკოლოზ ასტახოვმა დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი (ამჟამად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) 1937 წელს. მუშაობა დაიწყო კავკასიის მინერალურ ნედლეულთა ინსტიტუტში. 1939 წლიდან მუშაობდა დონეცკის კომპლექსურ ექსპედიციაში ქალაქ ნიჟნინაგოლჩიკის საბადოზე ჯერ მადნეულის შემსწავლელ გეოლოგად, ხოლო შემდეგ ამ სამსახურის უფროსად. კომპლექსური ექსპედიციის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოში. 1942 წელს მობილიზებულ იქნა მზვერავ გეოლოგიური პარტიის სტაციონარში გამამდიდრებელი ფაბრიკის ცვლის ინჟინრად, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო გეოლოგიურ N7 რაზმში.[1]

1944 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის ასპირანტად. დამთავრების შემდეგ დატოვებულ იქნა კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1949 წელს თემაზე: „მდ. მტკვრის ხეობის შუა დინების გეომორფოლოგია“. საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ მიწვეულ იქნა და წლების განმავლობაში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. აქ იგი მთლიანად სამეცნიერო მუშობაზე გადაერთო და ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთი სამეცნიერო შრომა გამოაქვეყნა.[1]

სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ბაქოში 1969 წელს თემაზე: „საქართველოს რელიეფის მორფოსტრუქტურული ანალიზი“. მისი სამეცნიერო ნაშრომები შეეხო გამოყენებით გეომორფოლოგიას, საინჟინრო გეოლოგიას და სასარგებლო წიაღისეულს, რომელმაც საშუალება მისცა ჰიდრონაგებობების, საავტომობილო ნაგებობებისა და სარწყავი სისტემის დაპროექტებით სამუშაოების შესრულებას. დიდი ყურადღება დაუთმო კავკასიის ნეოტექტონიკურ საკითხებს, შავი ზღვის სანაპირო პრობლემას, რელიეფის სტრუქტურულ-გეომორფოლოგიურ ანალიზს და პალეოგეომორფოლოგიის საკითხებს.[1]

1974–76 წლებში საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მიერ მივლინებულ იქნა სირიის რესპუბლიკაში, სადაც შეადგინა მთელი ტერიტორიის მსხვილმასშტაბიანი გეომორფოლოგიური რუკა ქვეყნის ჰიდროლოგიური შესწავლის მიზნით. შეადგინა აგრეთვე დასავლეთ სირიის მორფოსტრუქტურული სქემა. 1986–88 წლებში მუშაობდა საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოში, სადაც ოქროს საძიებო სამუშაოებთან დაკავშირებით შეადგინა საქართველოს სტრუქტურულ-გეომორფოლოგიური რუკა. გეოგრაფიულ მეცნიერებაში მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებისთვის ნიკოლოზ ასტახოვს მიღებული აქვს სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების დიპლომი.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Структурная геоморфология Грузии. Тбилиси, Мецниереба, 1973;
  • Вопросы прикладной геоморфологии Кавказа, М., 1979.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.