ნიკარაგუის სამოქალაქო ომი (1926-1927)
ნიკარაგუის სამოქალაქო ომი (1926-1927) ან კონსტიტუციონალისტური ომი (ესპ. Guerra Constitucionalista de Nicaragua) დაიწყო ნიკარაგუის კონსერვატიული პარტიის წევრის, ემილიანო ჩამოროს მიერ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელმაც დაამხო დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რამაც გამოიწვია ლიბერალური პარტიის მხარდამჭერთა აჯანყება. კონფლიქტი დასრულდა აშშ-ს სამხედრო და დიპლომატიური ჩარევის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომი დასრულდა, ლიბერალურმა გენერალმა ავგუსტო სეზარ სანდინომ უარი თქვა იარაღის დაყრაზე და 1933 წლამდე იბრძოდა ნიკარაგუის მთავრობისა და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის წინააღმდეგ.
ისტორია
რედაქტირებანიკარაგუა 1912 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ ოკუპირებული იყო ამერიკელი საზღვაო ქვეითების მიერ. 1924 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ხელისუფლებაში მოიყვანა კოალიციური მთავრობა და კონსერვატიული პარტიის ლიდერი კარლოს სოლოსანო გახდა პრეზიდენტი, ლიბერალი ხუან საკასა კი ვიცე-პრეზიდენტი[1]. ამის შემდეგ აშშ-ს ძალებმა გადაწყვიტეს, რომ მათ შეეძლოთ ნიკარაგუა უსაფრთხოდ დაეტოვებინათ, რის შედეგადაც 1925 წლის 3 აგვისტოს ტერიტორიიდან საზღვაო ქვეითები გაიყვანეს[2]. 1925 წლის 28 აგვისტოს, ნიკარაგუის ყოფილმა პრეზიდენტმა და კონსერვატიული პარტიის წევრმა ემილიანო ჩამორომ წამოიწყო სახელმწიფო გადატრიალება. მისმა „ულტრაკონსერვატორმა პარტიზანებმა“ დაიპყრეს ციხე ლომა. ჩამორომ გააძევა ყველა ლიბერალი ნიკარაგუის კონგრესიდან[3]. შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ჩამოროს რეჟიმის აღიარებაზე, რადგან ის ხელისუფლებაში მოვიდა „არაკონსტიტუციური გზით“[3].
ვითარებამ გამოიწვია სამოქალაქო ომი 1926 წლის 2 მაისს, როდესაც ლიბერალ დევნილთა ჯგუფი დაეშვა ბლუფილდზში[4]. მალე ნიკარაგუას მთელი აღმოსავლეთი სანაპირო აჯანყდა. ლიბერალურ აჯანყებულებს წითელი ქუდები ეხურათ, კონსერვატორებს კი ლურჯი. პირველი ლიბერალური მეთაური ამ სანაპიროზე იყო ხოსე მარია მონკადა, რომელიც იბრძოდა გადასახლებული პრეზიდენტის გადასაყვანად. კიდევ ერთი ლიბერალური გენერალი იყო ანასტასიო სომოსა გარსია, რომელიც ხელმძღვანელობდა ჯარს ნიკარაგუის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში[3]. ამერიკელი საზღვაო ქვეითები და მეზღვაურები გაიგზავნა ქვეყნის პორტების დასაკავებლად[5]. შეერთებული შტატები ღრმად იყო შეშფოთებული ნიკარაგუაში არსებული ვითარებით, რადგან მექსიკის მემარცხენე მთავრობა ამარაგებდა აჯანყებულებს იარაღით[6].
კონფლიქტის დასასრულებლად შეერთებულმა შტატებმა მოაწყო მოლაპარაკება ზავის შესახებ და დიპლომატი ლოურენს დენისმა მოიწვია კონსერვატიული და ლიბერალური წარმომადგენლები USS Denver-ის ბორტზე 1926 წლის 1 ოქტომბერს[6]. თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა და საომარი მოქმედებები მალევე განახლდა. 1926 წლის 11 ნოემბერს ჩამორო გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან. ძალაუფლებაში მოვიდა სებასტიან ურისა. 14 ნოემბერს ადოლფო დიასი გახდა პრეზიდენტი და აშშ-მა ის აღიარა[7]. საკასა დაბრუნდა ნიკარაგუაში 1926 წლის 1 დეკემბერს, ჩავიდა პუერტო კაბეზას პორტში და გამოაცხადა პარალელური მთავრობა, რომელიც აღიარა მექსიკამ[8]. 1927 წლის იანვარში აშშ-ს პრეზიდენტმა კალვინ კულიჯმა გააუქმა იარაღის ემბარგო ნიკარაგუის მთავრობაზე[9], რითაც საკუთარ ქვეყანას უფლება მისცა ლეგალურად გაეწია სამხედრო დახმარება კონსერვატორებს. 1927 წლის იანვარში ნიკარაგუაში გაგზავნეს 3900 ამერიკელი ქვეითი ჯარისკაცი, 865 საზღვაო ქვეითი და 215 ოფიცერი; სანაპირო გადაკეტა 16 ამერიკულმა ხომალდმა[10].
მანაგუაში ლიბერალების წინსვლის შემდეგ, შეერთებული შტატები ღია ომის ზღვარზე აღმოჩნდა. მათ არ შეეძლოთ რეგიონში მექსიკის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის უფლება მიეცათ.
იმისათვის , რომ სამოქალაქო ომის დასრულება ნიკარაგუას ხელახალი ოკუპაციის გარეშე მომხდარიყო, კულიჯმა გაგზავნა ჰენრი ლ. სტიმსონი საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ჩასატარებლად. სტიმსონი 1927 წლის 4 მაისს შეხვდა მონკადას ტიპიტაპაში[11]. აქ მონკადა დათანხმდა მშვიდობის დამყარებას, რითაც დასრულდა კონფლიქტი. შეთანხმების პირობები იყო, რომ ადოლფო დიასი რჩებოდა პრეზიდენტის პოსტზე მანამ, სანამ 1928 წელს არ ჩატარდებოდა ახალი არჩევნები აშშ-ს კონტროლის ქვეშ. ორივე მხარე უნდა განიარაღებულიყო და შექმნილიყო ახალი ეროვნული გვარდია[12].
საომარი მოქმედებების ოფიციალური შეწყვეტის მიუხედავად, აშშ-ს საზღვაო ქვეითები რენეგატ-ლიბერალებს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი ამერიკელი სამხედრო და 14 ნიკარაგუელი.
ავგუსტო სეზარ სანდინომ სამშვიდობო შეთანხმება მონკადას ღალატად მიიჩნია და 1933 წლამდე აწარმოა პარტიზანული ომი აშშ-ს საზღვაო ქვეითი კორპუსის და ნიკარაგუის ეროვნული გვარდიის წინააღმდეგ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Macaulay, 1998, p. 24. - The Sandino Affair
- ↑ Langley, Lester D. The Banana Wars: United States Intervention in the Caribbean, 1898–1934 — Lexington: University Press of Kentucky, 2001. p.178
- ↑ 3.0 3.1 3.2 Macaulay, Neill. The Sandino Affair — Chicago: Quadrangle Books. p.25
- ↑ Musicant, Ivan. The Banana Wars: A History of United States Military Intervention in Latin America from the Spanish–American War to the Invasion of Panama. — New York City: Macmillan Publishing Company, 1990. p. 291
- ↑ Macaulay, Neill. The Sandino Affair — Chicago: Quadrangle Books. p.28
- ↑ 6.0 6.1 Macaulay, Neill. The Sandino Affair — Chicago: Quadrangle Books. p.26
- ↑ Macaulay, 1998, p. 26–28.
- ↑ Musicant, 1990, p. 292.
- ↑ Musicant, 1990, p. 293.
- ↑ Игнатьев О. К. Штурм Тискапы. — М.: Политиздат, 1979 — 79 c. — стр. 16
- ↑ Macaulay, 1998, p. 36.
- ↑ Boot, Max. The Savage Wars of Peace: Small Wars and the Rise of American Power — New York City: Basic Books, 2003. p.234-235